საინეტე
საინეტე – (ესპ. sainete – გემრიელი ლუკმა, საკაზმი), ესპანური, მოგვიანებით ასევე ლათინოამერიკული თეატრალური ჟანრი, მცირე ზომის ბურლესკური ერთაქტიანი მუსიკალური წარმოდგენა. სათავეს იღებს ლ. დე რუედას პასოსებიდან და ფარსებიდან. მე-17 საუკუნის I – ნახ. სახუმარო სცენა, რომლითაც მთავრდებოდა თეატრალური დღესასწაული.
მე-17 ს. II ნახ. საინეტე ეწოდებოდა თეატრალური წარმოდგენის ნებისმიერ ფინალს, რომელიც ძირითადად სრულდებოდა ცეკვებით და სიმღერით. აღწერდა რა ცოცხალ სურათს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, საინეტე ამძაფრებდა კომიკურ ხასიათებს და ხშირად სატირული სიმწვავით ასახავდა რეალობას.
დამოუკიდებელ ჟანრად საინეტე ყალიბდება მე-18 ს. ესპანელი დრამატურგის რ.ფ. დე ლა კრუსის შემწეობით. მისი რეალისტური საინეტეები დაწერილი იყო ჩვეულებრივი სალაპარაკო ენით და სახალხო რომანსის ფორმით. მასში თანაგრძნობით იყო აღწერილი ქალაქის ქვედა ფენების ცხოვრება, რამაც დიდად პოპულარული გახადა მისი პიესები.
მე-19 ს. I ნახ. შეიქმნა და ფართო გავრცელება ჰპოვა საბავშვო საინეტეებმაც, ხოლო მე-20 ს. დასაწყისში წარმოიშვა ანდალუზიური საინეტეები, რომელშიც გამოყენებული იყო ანდალუაზიური მუსიკა და პოეტური ფოლკლორი.
საინეტეს თანამედროვე ფორმებია – სკეტჩი, გეგი და სხვა მცირე ზომის პიესები, რომლებიც სრულდება მცირე ზომის თეატრებში ან ესტრადაზე.