ბეკეტი სამუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სამუელ ბეკეტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუელ ბეკეტი

ბეკეტი სამუელ - (ფრ. BECKETT SAMUEL. 1906 - 1984). ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

სამუელ ბეკეტი დაიბადა 1906 წელს ქალაქ დუბლინში, ინგლისურ-ირლანდიურ პროტესტანტულ ოჯახში. სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ ენებსა და ლიტერატურას დუბლინის უნივერსიტეტში. კურსი დაამთავრა 1927 წელს და გაგზავნილ იქნა გაცვლითი პროგრამით პარიზის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში. პარიზში იგი მოხვდა ჯოისის უახლოეს მოწაფეთა გარემოცვაში და ჯოისის თორმეტ მოწაფე-მიმდევართან ერთად მონაწილეობა მიიღო ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიების კრებულის შექმნაში, რომელიც ეძღვნებოდა ჯოისის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ რომანს. ბეკეტის ესსეს ერქვა: „დანტე... ბრუნო... ვიკო... ჯოისი“. ბეკეტის ნაცნობთა და მეგობართა შორის აღმოჩნდნენ: პოლ ვალერი, ჟიულ რომენი, ლეონ-პოლ ფარჯი, ფილიპ სუპო.

1930 წელს ბეკეტი ბრუნდება დუბლინში, რათა უნივერსიტეტში რომანულ ენათა პროფესორის თანამდებობა დაიკავოს. 1931 წელს პარიზში გამოდის მისი „ესსე პრუსტზე“, წერს მოთხრობებსა და ლექსებს ინგლისურ ენაზე. მალე ბეკეტი გადაწყვეტილებას იღებს, უარი თქვას აკადემიურ კარიერაზე და რამდენიმე წელი მოგზაურობს ევროპის გარშემო.

1938 წელს პარიზში გამოდის მისი პირველი რომანი „ბერფი“ (ფრანგული თარგმანი გამოცემულია 1947 წელს). ომის დასაწყისში ბეკეტი პარიზში სახლდება, მონაწილეობას ღებულობს წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1951 წელს აქვეყნებს რომანს „მოლიო“, რომელსაც აუდიტორიის გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა (პროზაული ტრილოგიის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს რომანები: „მელოუნი კვდება“, 1957; „უსახელო“, 1952).

ჭეშმარიტი აღიარება ბეკეტთან მოდის მას შემდეგ, რაც იგი აქვეყნებს პიესას „გოდოს მოლოდინში“ (1952). ამ დროიდან მოყოლებული ბეკეტი უპირატესობას ანიჭებს თავისი ძირითადი ნაწარმოებების ფრანგულ ენაზე წერას, რასაც იმით ხსნის, რომ ამ გზით საკუთარ შემოქმედებით პროცესში შინაგან თვითდისციპლინას აღწევს.

მწერალ-ეგზისტენციალისტებისგან განსხვავებით, - რომლებიც არსებობის უაზრობაზე ლაპარაკობენ და ეყრდნობიან კარტეზიანულ, ანუ გამჭვირვალე გადმოცემის რაციონალურ ხერხებს, - ბეკეტის მიერ შემოთავაზებული აბსურდის თეატრი ახალი ენობრივი და სემანტიკური ფორმებით ხსნის სამყაროს აბსურდულ შინაარსს დარღვეული ლექსიკით, არათანმიმდევრული სიუჟეტებით, ხასიათთა ფსიქოლოგიურ მონახაზზე უარის თქმით...

სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“ პარიზში დაიდგა1953 წლის დასაწყისში მცირე თეატრ „ბაბილონში“ როჟე ბლენის მიერ, რომელმაც თავად შეასრულა პოცოს (Pozzo) როლი. დადგმამ ნამდვილი სენსაცია მოახდინა. პიესა ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და რამდენიმე წელიწადში ევროპის მრავალ თეატრში დაიდგა.

ბეკეტის მეორე პიესა - „თამაშის ბოლო (ენდშპილი)“ ასევე როჟე ბლენის მიერ იყო დადგმული, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო პრემიერა ფრანგულ ენაზე შესრულდა ლონდონში 1957 წელს. ფრანგულ ვერსიაში სპექტაკლს თან ახლდა პანტომიმა - „მოქმედება უსიტყვოდ“, რომელსაც დერიკ მენდელი ასრულებდა ბეკეტის ბიძაშვილის ჯონ ბეკეტის მუსიკაზე. ინგლისურ ვარიანტში იყო მეორე პიესაც - „კრეპის ბოლო ფირი“ (პრემიერა1958 წელს შედგა). ამის შემდეგ ბეკეტი წერს მთელ რიგ პიესებს სპეციალურად რადიოსთვის („ყველა, ვინც ეცემა“, 1957; „კუთხეები“, 1959); „თეატრი I“ და „თეატრი II“, 1960 და სხვ.), რამდენიმე მცირე დრამატულ ოპუსს („თამაში“, 1964; „ნაბიჯების ხმა“, 1976 და სხვ.), ასევე თავის მესამე ცნობილ პიესას: „ო, ის ბედნიერი დღეები“ (1963). ბეკეტი ასევე წერს მრავალ ექსპერიმენტულ პიესას, რომელთა კომენტარებსა და რემარკებში აყალიბებს მოსაზრებებს, როგორც თეატრის თეორეტიკოსი.

1969 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ბეკეტი გარდაიცვალა 1984 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • მოლოი: [რომანი] / სემუელ ბეკეტი ; მთარგმნ.: ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე; რედ. ირმა ტაველიძე.
  • Cascando: რადიოპიესა / ს. ბეკეტი ; ინგლ. თარგმ. და წინასიტყვაობა დაურთო ქ. ჩიკვაიშვილმა. საუნჯე 1983, N5, გვ.172-170
  • გოდოს მოლოდინში : [ტრაგიკომედია] / ს. ბეკეტი ; თარგმ. თ. ცინცაძის; ბოლოსიტყვ. მ. ბაქრაძის "სამუელ ბეკეტის პიესა "გოდოს მოლოდინში"; ილ. დ. ერისთავის. ხომლი: უცხოური ლიტერატურის ალმანახი თბილისი, 1972. N8, გვ.141-204
  • ნაკვერჩხლები: [პიესა] / ს. ბეკეტი; ინგლ. თარგმ. მ. დუმბაძემ. საუნჯე 1975. N1, გვ.205-214
  • ნაცარი: [პიესა] / ს. ბეკეტი; თარგმ. ლ. მჭედლიშვილმა. არილი თბილისი, 2001. N2, გვ.12-16
  • უკანასკნელი ფირი: [პიესა] / ს. ბეკეტი ; ფრ. თარგმ. ი. ღოღობერიძემ. თეატრი და ცხოვრება 2003, N4, გვ.95-103
  • პიესები = Plays / სამუელ ბეკეტი; ინგლ. თარგმნა... გია ბერაძემ ; [რედ: ინგა მილორავა]; ქართ. ლიტ. ინ-ტი. კრეპის უკანასკნელი ლენტა,. ენდშპილი., სცენა სიტყვების გარეშე, ყოველნი დაცემულნი.
  • ეჰ, ჯო: ტელეპიესა / ინგლისურიდან თარგმნა კახა ბარამიძემ. ლიტე. - ცხელი შოკოლადი თბილისი, 2010. მარტი, N3(33), გვ.16-18
  • თამაში: [პიესა] / სემუელ ბეკეტი; ინგლ. თარგმნა კახა ბარამიძემ. ლიტ. - ცხელი შოკოლადი თბილისი, 2008. 1512-2220 მაისი, N14, გვ.32-36

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები