სამხედრო გზები
სამხედრო გზები – სახმელეთო გზები, რომლებიც განკუთვნილია ჯარების (ძალების) საკუთარი სვლით გადაადგილებისათვის ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების, მიმდინარეობის, მატერიალური საშუალებების მიზიდვისთვის, დაჭრილების და ავადმყოფების, აგრეთვე დაზიანებული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციისათვის. სამხედრო კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი. მოიცავს; სამხედრო-საავტომობილო და საჯარისო გზებს, რომლებსაც ამზადებენ და უვლიან საინჟინრო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები არსებული გზების მაქსიმალური გამოყენებით. სამხედრო გზები არის დაჯგუფების (ზურგიდან ფრონტისაკენ მიმავალი) და როკადული – (ფრონტის პარალელური); კუთვნილების მიხედვით იყოფა ცენტრალურ, დაჯგუფების, საარმიო (საკორპუსო) სამხედრო-საავტომობილო, აგრეთვე საჯარისო გზებად.
სამხედრო-საავტომობილო გზები, ჩვეულებრივ, მოიცავენ:
- ძირითად და სათადარიგო მარშრუტებს მათზე მოწყობილი გასამართი და სასურსათო, ტექნიკური და სამედიცინო დახმარების პუნქტებით;
- ძირითად და სათადარიგო ხიდურ გადასასვლელებს;
- ლოგისტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებთან მისასვლელ გზებს.
ყოველ სამხედრო-საავტომობილო გზაზე ხორციელდება საგზაო უზრუნველყოფა. ყოველ სამხედრო-საავტომობილო გზას მიეკუთვნება ნომერი და დაენიშნება უფროსი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017