საუფროსო ოდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუფროსო ოდა – სახლეულის უფროსისათვის, ზოგჯერ, უფროსი ძმისათვის ანდა უფროსი ვაჟიშვილისათვის განკუთვნილი საძინებელი და სამყოფი ოთახი. იგი სახლის პირველი, გვერდითა ოთახი იყო. ზოგჯერ, ეს ოთახიც სახლსავით იყო მოწყობილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ საწყლე, სათვალე და ჯამ-ჭურჭლის თაროები უკვე არ გვხვდებოდა.

ოთახი სახლთან შედარებით რამდენადმე მცირე ზომისა იყო და თექვსმეტ-თვრამეტ კვადრატულ მეტრს უდრიდა. აქაც გამართული იყო ბუხარი, მის ორივე მხარეზე კი – სექვები მუსანდარათი მდებარეობდა. ამ ოდის ბუხარი სახლში არსებულ ბუხარზე უფრო პატარა იყო. ზოგიერთ აჭარულ სახლში საკუთრივ საცხოვრებლის ფართობი რამდენიმე ოთახს მოიცავდა, რომელიც საქართველოს სხვა კუთხის საცხოვრებლებთან მიმართებაში რიგი ლოკალური ნიშნით ხასიათდებოდა.

აჭარული სახლის ყველა ოთახს გარკვეული დანიშნულება ჰქონდა. ძირითადი ოთახი – საუფროსო ოდა, სახლი თუ შინა სახლეულის უხუცესი წევრებისათვის, ბებიის – „ნენესათვის” და ბაბუასათვის – „დედესათვის” იყო განკუთვნილი, შესაძლოა, სახლეულის ფორმიდან გამომდინარე მისი ბინადარი დედა – ანა და მამა – ბებო ყოფილიყო, ასევე, დასაშვებია მასში უფროსი ძმა-რძალიც ცხოვრებულიყო. სხვათაშორის იქვე ძუძუმწოვარა ბავშვებსაც აძინებდნენ. ამავე ოთახში ოჯახის ყველა წევრი საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა, მუშაობისაგან თავისუფალ დროს ისინი სწორედ ამ ოთახში ატარებდნენ. სახლში სტუმართათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახიც, ე. წ. სასტუმრო ოდა, იგივე მეიდან ოდა არსებობდა. სახლში განლაგებული იყო ნეფე-დედოფლისათვის და საქორწინო წყვილთათვის განკუთვნილი ოთახებიც. თუ საცხოვრებელში ახალი საქორწინო წყვილი გაჩნდებოდა, მაშინ მას ცალკე ოთახი გამოეყოფოდა, რომელსაც მდებარეობის მიხედვით ბოლო ოდა ანდა შუა ოდა (შუაჲ ოდა) ეწოდებოდა.



ლიტერატურა

რობაქიძე, 1960; მგელაძე, 2010; ჩიქოვანი, 1960:101; ბექაია, 1974:23.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები