სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება 1919

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება 1919 – ხელი მოაწერეს 10.IX სეს-ჟერმენ-ან-ლეში (პარიზის მახლობლად), ერთი მხრივ, ავსტრიამ და, მეორე მხრივ, „მოკავშირე და გაერთიანებულმა სახელმწიფოებმა“: აშშ-მა, ბრიტანეთის იმპერიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და იაპონიამ (მთავარი მოკავშირე სახელმწიფოები), აგრეთვე ბელგიამ, ჩინეთმა, კუბამ, საბერძნეთმა, ნიკარაგუამ, პანამამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, იუგოსლავიამ, სიამმა (ტაილანდი) და ჩეხოსლოვაკიამ.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება შედის ე.წ. ვერსალის სისტემის ხელშეკრულებათა რიცხვში, რომლებმაც ფორმალურად დაასრულა 1914-18 მსოფლიო ომი. 1918.27.X. ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა. როდესაც ჰაბსბურგების იმპერიის ჩაგრულმა სლავმა ხალხებმა ავსტრიის უღელი მოიშორეს და საკუთარი ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების გზას დაადგნენ, შეიქმნა ჩეხოსლოვაკიისა და სერბულ-ხორვატულ-სლოვენური (იუგოსლავია) სახელმწიფო. ამავე დროს უნგრეთმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც დამთავრდა მონარქიის სრული დაშლის პროცესი. 3.XI.1918 პადუაში მოკავშირეებთან დროებითი ზავის შეკვრა იმპერატორ კარლ ჰაბსბურგის ბოლო სახელმწიფო აქტი იყო.

12.XI.1918 ავსტრია რესპუბლიკად გამოცხადდა. ავსტრია-უნგრეთის დანაწევრება ანტანტის ქვეყნების გეგმებში არ შედიოდა. ომის მსვლელობის დროს მოკავშირეებმა მხოლოდ ავსტრია-უნგრეთის ხალხების თვითმმართველობა გამოაცხადეს იმპერიის ფარგლებში. მაგრამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მიღწევებმა აიძულა მოკავშირეები, ჰაბსბურგების მონარქიის დაშლა ხელშეკრულებებში დაეფიქსირებინათ. ავსტრიის მთავრობას წინადადება მისცეს, წინასწარი საზავო პირობების მიღებისათვის პარიზში წარმომადგენლები გამოეგზავნა. 14.V.1919 ავსტრიის დელეგაცია კანცლერ რენერის მეთაურობის სენ-ჟერმენში ჩამოვიდა. ავსტრიელებს მხოლოდ 2.VI გადაეცათ საზავო ხელშეკრულებების შეთანხმებული მუხლები. რენერი საპასუხო ნოტაში ცდილობდა, ავსტრიისათვის მოეხსნა პასუხისმგებლობა ავსტრია-უნგრეთის მიერ გატარებული პოლიტიკისათვის. ნოტაში ცხადდებოდა, რომ ხელშეკრულების პროექტით, დაწესებულ, საზღვრებში ავსტრია ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო იქნებოდა და რომ 4 მილიონი ავსტრიელი უცხოელთა ბატონობაში მოექცეოდა. ეს საჩივრები მოკავშირეებმა უპასუხოდ დატოვეს, მაგრამ ორ ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდნენ. უარი თქვეს ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ავსტრიელი მოქალაქეების ქონების სეკვესტრის უფლებაზე და დათანხმდნენ თანასწორობის პრინციპით დაემყარებინათ საბაჟო რეჟიმი ავსტრიასთან. 20.VII მოკავშირეებმა ავსტრიის დელეგაციას ხელშეკრულების სრული ტექსტი გადასცეს. 6.VIII მიღებულ იქნა ახალი ვრცელი შენიშვნები რიგ პუნქტებზე ავსტრიის მხრიდან, მაგრამ მოკავშირეებმა ყველა შენიშნა, რამდენიმე მეორეხარისხოვანი შესწორების გარდა, უპასუხოდ დატოვეს. 6.IX ავსტრიის ეროვნულმა ყრილობამ მხარი დაუჭირა ხელშეკრულების დადებას.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების პრეამბულა ავსტრია-უნგრეთის მონარქიის დაშლის და ავსტრიაში რესპუბლიკის შექმნის კონსტატაციას ახდენს, აგრეთვე მოკავშირეთა მთავარი სახელმწიფოების მიერ იუგოსლავიისა და ჩეხოსლოვაკიის სუვერენულ სახელმწიფოებად და მოკავშირეებად ცნობაზე მიუთითებს. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების ტერიტორიულ-პოლიტიკური დადგენილებების მიხედვით (ნაწ. II-IV), ყოფილი ავსტრიული პროვინციები ბოჰემია, მორავია და სილეზია ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში გადადიოდა (სილეზიის ტეშენის რ-ნის ნაწილი საბოლოოდ პოლონეთს გადასცეს); უნგრეთიდან ავსტრიას შეუერთეს ბერგენლანდი (ეს გადაწყვეტილება უნგრეთში მომხდარ რევოლუციასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. 1921 ბურგენლანდის ნაწილი ქალაქ შოპრო-ედენბურგთან ერთად უნგრეთს დაუბრუნდა). ბუკოვინა რუმინეთს შეუერთეს (ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 3.XI.1918 ბუკოვინის სახალხო ვეჩეს საბჭოთა უკრაინასთან შეერთების მოთხოვნის საპირისპიროდ). ტიროლის სამხრეთ ნაწილი იტალიას უერთდებოდა. ავსტრიას თავისი სამხრეთსლავური სამფლობელოების სამხრეთი ნაწილი უნდა დაეკარგა. მაგრამ სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებაში მათი იტალიისა და იუგოსლავიის მიერ განაწილების ფაქტი მითითებული არ არის, რადგანაც ეს საკითხი ჯერ კიდევ სადავო იყო. საბოლოოდ, 1920 რაპალოს შეთანხწების მიხედვით, იტალიამ მიიღო იულიის კრაინა, თითქმის მთლიანი ისტრია, ზადარის (ზარას) პორტი და დალმაციის სანაპიროს რიგი კუნძულების მიწები, რომელთა მოსახლეობის 70%-ს სლავები შეადგენდნენ. ამგვარად, ავსტრიის ყოფილი სამფლობელოებიდან, იუგოსლავიის შემადგენლობაში სლოვენია, დალმაცია, ბოსნია და ჰერცეგოვინა შედიოდა. სლოვენიის კარინტია, ქ. ცელოვაცთან (კლაგენფურტი) ერთად, მოკავშირეების მიერ 10.X.1920 ჩატარებული პლებისციტის თანახმად, ავსტრიის შემადგენლობაში შევიდა. შედეგად, ავსტრიის ტერიტორიაზე კარინტიაში, შტირიასა და ბურგენლანდში 200 ათასი სლავი აღმოჩნდა.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ავსტრიამ იუგოსლავიის (მუხლი 26) და ჩეხოსლოვაკიის (მუხლი 58) დამოუკიდებლობა ცნო. აგრეთვე აღიარა მოკავშირეთა მიერ ცენტრალურ სახელმწიფოებთან დადებული ყველა ხელშეკრულება (მუხლი 90) და ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, უნგრეთის, პოლონეთის, იუგოსლავიისა და ჩეხოსლოვაკიის საზღვრები იმ სახით, როგორც ამას მთავარი მოკავშირე სახელმწიფოები დაადგენდნენ (მუხლი 89). ავსტრიამ აიღო ვალდებულება, ეცნო მის ყოფილ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი დადგენილებები, რასაც მოკავშირე სახელმწიფოები მიიღებდნენ, მაშინაც კი, თუ ეს ტერიტორიები სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებაში მითითებული არ იქნებოდა (ეს ეხებოდა, უპირველეს ყოვლისა, გალიციისა და უკრაინის იმ ნაწილებს, რომლებიც სულ მალე პოლონეთმა დაიპყრო საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა უკრაინის პროტესტების მიუხედავად. მთავარი მოკავშირე სახელმწიფოების ელჩების კონფერენციამ 14.III.1923 პოლონეთს დასავლეთ უკრაინის დაპყრობაზე სანქცია მისცა).

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების სხვა პოლიტიკური მუხლები ვერსალის საზავო ხელშეკრულების დადგენილებათა ანალოგიურია. ისინი ავსტრიის მიერ მაროკოზე, ეგვიპტეზე, სიამსა და ჩინეთზე უარის თქმას აფიქსირებს (მუხლ.95-17). დადგენილებანი ბელგიის (მუხლ.83), თურქეთის, ბულგარეთის (მუხლ. 86) და რუსეთის (მუხლ. 87) შესახებ გულისხმობდა ყოფილ რუსეთის იმპერიაში შემავალი ტერიტორიების დამოუკიდებლობის, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მიერ ავსტრიისგან რეპარაციების მიღების უფლების აღიარებას.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების განსაკუთრებული მუხლით (88) ავსტრიას, ერთა ლიგის საბჭოს თანხმობის გარეშე, ეკრძალებოდა რაიმე ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც „პირდაპირი ან ირიბი გზით, მის დამოუკიდებლობას დაარღვევდა“, რაც ანშლუსის აკრძალვას ნიშნავდა (ვერსალის საზავო ხელშეკრულებაში შეტანილი იყო მე-80 მუხლი ანშლუსის აკრძალვის შესახებ). სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების ძალით, 1919.20.X. ავსტრიაში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ავსტრიის გერმანიის რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებას აუქმებდა.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების სამხედრო დადგენილებანი (ნაწ. V-VII) ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს 3-თვიან ვადაში დემობილიზაციას უბრძანებდა (მუხლ. 118). ავსტრიას ნებას რთავდნენ ჰყოლოდა ჯარი არა უმეტეს 30 ათასი ჯარისკაცის ოდენობით, მთელი დანარჩენი საომარი საშუალებანი ავსტრიას მოკავშირეებისათვის უნდა გადაეცა. იარაღის დამზადება მხოლოდ ერთ სახელმწიფო ქარხანაში შეიძლებოდა (მუხლ. 132), მთელი საზღვაო და დუნაის ფლოტი მოკავშირეებისათვის უნდა გადაეცათ (მუს. 136). სამხედრო ავიაცია იკრძალებოდა (144), დანარჩენი სამხედრო დადგენილებანი, რომლებიც არმიის დაკომპლექტებასა და წვრთნას, სამხედრო ტყვეების დაბრუნებას, სამხედრო დამნაშავეების დასჯასა და სამხედრო დადგენილებათა შესრულებაზე მოკავშირეების მიერ კონტროლს შეეხება, ვერსალის ხელშეკრულების ანალოგიურ მუხლებს იმეორებს.

რეპარაციებთან მიმართებაში, სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების გადაწყვეტილებანი ვერსალის ხელშეკრულების ანალოგიურია. მაგრამ სარეპარაციო კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ საბერძნეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები. რეპარაციის ანგარიშში (მუხლ. 182) ავსტრია ვალდებულებას იღებდა მოკავშირეებისთვის მთელი თავისი სავაჭრო და თევზჭერის ფლოტი გადაეცა.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების ფინანსური და ეკონომიკური მუხლები (ნაწ. IX-X) ვერსალის საზავო ხელშეკრულების მუხლების ანალოგიურია. დამატებით მითითებული იყო (მუხლ. 203), რომ ყველა სახელმწიფო, რომელთა შემადგენლობაშიც ყოფილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტერიტორიები გადავიდა, ამ ტერიტორიების პროპორციულ ავსტრიის სამხედრო დავალიანების ნაწილს იღებდა. საბაჟო რეჟიმში, გერმანიისგან განსხვავებით, ორივე მხარის არსებობის პრინციპი იქნა გატარებული (მუხ. 232).

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების მუხლები, რომლებიც ავიაციას, პორტებს, საზღვაო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებს (ნაწ. XI-XII) ეხებოდა. მათ შორის დადგენილებანი დუნაის თაობაზე რომლის ძალით დუნაის კომისიებში მონაწილეობას ანტანტამ საბჭოთა რუსეთი ჩამოაშორა, ძირითადად ასევე ვერსალის საზავო ხელშეკრულების დადგენილებებს იმეორებდნენ. მუხლები 311 და 322 ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიას ადრიატიკის ზღვის მიმართულებით თავისუფალი ტრანზიტის უფლებას ანიჭებდნენ.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების თანადროულად, მისი ყველა მონაწილე მხარის მიერ ხელმოწერილ იქნა: ოქმი სარეპარაციო კომისიის მუშაობის რიგი დეტალების შესახებ, დეკლარაცია ავსტრიის მთავრობის მიერ მოკავშირეთა ჩაძირულ გემებთან დაკავშირებით ცნობების მოწოდების შესახებ და განსაკუთრებული დეკლარაცია, რომელიც ავსტრიას, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისისა და იტალიის მოთხოვნით, უნგრეთის მიმართ ეკონომიკურ ბლოკადაში მონაწილეობას ავალდებულებდა (ამ პერიოდში უნგრეთის რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად ანტანტამ ინტერვენცია განახორციელა).

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს აგრეთვე დადებულ იქნა შეთანხმებები მთავარი მოკავშირე სახელმწიფოებისა იუგოსლავიასთან და ჩეხოსლოვაკიასთან, ამ ქვეყნებში ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის შესახებ. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებამ ანტანტის მიერ და გერმანიის ყოფილი მოკავშირეების მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების დამოუკიდებლობის ცნობა დაამოწმა. ამ ნაწილში, ხელშეკრულებამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად ჰაბსბურგების იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური კრახის პროცესი ასახა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები