სექსუალური მაზოხიზმი
სექსუალური მაზოხიზმი - მაზოხიზმის დროს სექსუალური აგზნების მიღწევა ხდება ტანჯვის ან დამცირების განცდის გზით, რაც პიროვნებისთვის უპირატესი ან ერთადერთი სექსუალური პრაქტიკაა. როგორც უპირატესი აქტივობა, ის განსხვავდება სექსუალური აქტის თანმხლები ტკივილის უმნიშვნელო განცდისაგან, რაც გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს. ტერმინი მაზოხიზმი, ავსტრიელი რომანისტის - ლეოპოლდ ფონ ზახერ მაზოხის (1836-1905) სახელს უკავშირდება, რომელმაც აღწერა ტკივილის განცდით გამოწვეული სექსუალური სიამოვნება.
სარჩევი |
გავრცელება
ფანტაზიები სხვების მიერ ცემისა და დამცირების შესახებ საკმარისადაა გავრცელებული მამაკაცებში, რაც განაპირობებს მოთხოვნას ამ თემაზე შექმნილ პორნოგრაფიულ პუბლიკაციებზე. ამგვარი ფანტაზიები, აგრეთვე, გავრცელებულია მეძავებში, რომლებიც საშუალებას აძლევენ პარტნიორს ქცევაში გამოავლინოს თავისი სექსუალური ფანტაზიები. სექსუალური მაზოხიზმის დადგენილი შემთხვევების რაოდენობა, ალბათ, არც თუ იმდენად დიდია, მაგრამ ამის თაობაზე არ მოიპოვება ზუსტი ინფორმაცია.
აღწერა
ტანჯვა შეიძლება სხვადასხვა ფორმისა იყოს (ჯაჭვით დაბმა, ფეხით გადავლა, ცემა, დამცირების სიმბოლური ფორმების გამოყენება, როგორიცაა ბავშვივით ჩაცმა, რომელსაც უფროსები სჯიან). მაზოხიზმი, სხვა სექსუალური გადახრების მსგავსად, თავს იჩენს მამაკაცებშიც და ქალებშიც, როგორც ჰომოსექსუალურ, ისე ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში. ზოგ მაზოხისტს აქვს სახიფათო ქცევის განხორციელების სურვილი, როგორიცაა ყელზე მოჭერის პრაქტიკა, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აგზნებას ნაწილობრივი ანოქსიის გამოწვევის გზით (აუტოეროტიკული ასფიქსია).
ეტიოლოგია
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. განპირობების თეორიის მიხედვით, მაზოხიზმი ვითარდება ასოციაციის დამყარებით სექსუალურ აგზნებასა და დასჯის მიზნით მოზარდის ცემას შორის, უპირატესად, პუბერტატულ ასაკში. ფსიქოანალიზის მიხედვით, მაზოხიზმი შებრუნებული სადიზმია, რის გამოც მისი ახსნა სადიზმის მსგავსად ხდება. არც ერთი თვალსაზრისი არ არის შესაბამისი მტკიცებულებით დასაბუთებული.
პროგნოზი
არ მოიძებნება ინტერვენციის შემდგომი დაკვირვებით მიღებული სანდო ინფორმაცია. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუკი ამ ტიპის ქცევა ჩამოყალიბდა, ის მრავალი წლის მანძილზე შენარჩუნდება.
მკურნალობა
რეკომენდებულია ფსიქოანალიტიკური და ბიჰევიორული თერაპიის გამოყენება, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ეფექტური.
იხილე აგრეთვე
სექსუალური უპირატესობის აშლილობა