სექსუალური სადიზმი
სექსუალური სადიზმი - ტერმინი „სადიზმი“ მარკიზ დე სადის (1740-1814) სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის მიზნით ქალების მიმართ უკიდურეს სისასტიკეს იჩენდა. სექსუალური სადიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას მეორე ადამიანისადმი ტკივილის მიყენების, შებოჭვის ან დამცირების გზით. სექსუალურ სადიზმთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ამგვარი ქცევა რეგულარულია და უპირატესობა ენიჭება ჰეტეროსექსუალურ კონტაქტთან შედარებით.
სარჩევი |
გავრცელება
ტკივილის მიყენება ფანტაზიაში ან რეალობაში იშვიათობას არ წარმოადგენს, როდესაც ეს თან ახლავს სექსუალური ქცევის სხვა ფორმებს. სექს მაღაზიებში იყიდება ჯაჭვები, მათრახები და ბორკილები, ხოლო პორნოგრაფიულ ჟურნალებსა და ინტერნეტ საიტებზე განთავსებულია სადისტური სექსუალური პრაქტიკის აღწერა და სურათები. სექსუალური სადიზმი, როგორც უპირატესი სექსუალური პრაქტიკა, სავარაუდოდ, იშვიათია, მაგრამ მისი სიხშირე არ არის ცნობილი.
აღწერა
ცემა, გამათრახება და დაბმა სადისტური ქცევის გავრცელებული ფორმებია. განმეორებითი სადისტური აქტები ხორციელდება მაზოხისტ პარტნიორებთან და მეძავებთან ერთად. სადიზმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ჰომოსექსუალური, ისე ჰეტეროსექსუალური აქტის კომპონენტს. სადისტური აქტები შეიძლება იყოს სიმბოლური და ნაკლებად გულისხმობდეს პარტნიორისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, ზოგიერთი კი უფრო მეტად პარტნიორის დამცირებას გულისხმობს. თუმცა, ზოგჯერ სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენებაც ხდება. ამის ექსტრემალური მაგალითი, ე.წ. „ვნების მკვლელობები”, როდესაც მკვლელი სერიოზულ ფიზიკურ ზიანს აყენებს მსხვერპლს გენიტალიებში დანის ჩასობის ან დასახიჩრების გზით. ამ იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ეაკულაციას ან სადისტური აქტის დროს ან მოგვიანებით, ცხედართან სექსუალური აქტის დამყარებას (ნეკროფილია).
ეტიოლოგია
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ფსიქოანალიტიკური განმარტება ყურადღებას ამახვილებს ასოციაციაზე სიყვარულსა და აგრესიულ გრძნობებს შორის, რომლებიც მშობლებთან ბავშვის ადრეულ ურთიერთობებს ახასიათებს. ბიჰევიორული მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ასოციაციურ დასწავლაზე. არც ერთი თვალსაზრისი არ არის ობიექტური მტკიცებულებით დასაბუთებული.
პროგნოზი
არ მოიძებნება ინტერვენციის შემდგომი დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუკი ამ ტიპის ქცევა ჩამოყალიბდა, ის მრავალი წლის მანძილზე შენარჩუნდება.
მკურნალობა
კლინიკური კვლევის მიხედვით, არც ერთი ტიპის მკურნალობა არ არის ეფექტური. მამაკაცებს, რომლებმაც მსხვერპლს სერიოზული ფიზიკური ზიანი მიაყენეს, სამართლებრივი ზომები მიესადაგება. სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ სადისტურ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული რისკის სერიოზულობას, როდესაც ხდება პოტპოტენციურად საშიში ქცევის დაგეგმვა და განხორციელება.
იხილე აგრეთვე
სექსუალური უპირატესობის აშლილობა