სკალფარი ეუჯენიო
ეუჯენიო სკალფარი – (იტალ. Eugenio Scalfari; დ. 6 აპრილი 1924 — გ. 14 ივლისი 2022), იტალიელი ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკოსი.
მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან იტალიელ ჟურნალისტს.
სკალფარის პირველი ჟურნალისტური გამოცდილება ახალგაზრდულ ფაშისტურ ორგანიზაციას უკავშირდებოდა. ის იყო „სტუდენტური ფაშისტური ჯგუფის“ ოფიციალური გაზეთის „ფაშისტური რომის“ რედაქტორი. თუმცა 1943 წელს ფაშისტური პარტიისადმი კრიტიკული წერილების გამო პარტიიდან გარიცხეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სკალფარი „იტალიის ლიბერალურ პარტიაში“ შევიდა და 1955 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „რადიკალური პარტია“ და ყოველკვირეული ჟურნალი „ესპრესო“, რომლის ფურცლებზეც ძირითადად ეკონომიკაზე წერდა.
1976 წელს „ესპრესოს“ გუნდთან და გამომცემლობა „მონდადორისთან“ ერთად სკალფარიმ დააფუძნა ყოველდღიური გაზეთი „ლა რესპუბლიკა“, რომელიც შემდგომი ათწლეულების მანძილზე იტალიის ყველაზე დიდტირაჟიან პერიოდულ გამოცემად იქცა. სკალფარი 1996 წლამდე იყო „ლა რესპუბლიკას“ მთავარი რედაქტორი თუმცა სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა ცნობილ რუბრიკას „უპასუხებს სკალფარი“.
სკალფარი თავს ათეისტად თვლიდა; წერდა სეკულარობისა და მორალის საკითხებზე.
2013-2018 წლებში სკალფარის რამდენჯერმე მოუვიდა უთანხმოება ვატიკანთან პაპ ფრანცისკესთან ჩაწერილი ინტერვიუების გამო. ვატიკანი ბრალს დებდა პაპის მოსაზრებების არაზუსტად წარმოჩენაში. ამის მიუხედავად, პაპი დროდადრო მაინც აძლევდა ექსკლუზიურ ინტერვიუს ეუჯენიო სკალფარის.
სკალფარის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „ვიარეჯო“.