სონორისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სონორისტიკა — (ფრანგ. sonore, ხმოვანება, ჟღერადობა. სინონიმები: სონორიკა, სონორულობა, გერმ. Klangfarbe, Klangkompozition), ინგლ. sonorism და სხვ.) XX საუკუნის 50-60-იანი წლების მიჯნაზე წარმოშობილი მხატვრული მიმართულება და კომპოზიციის ტექნიკა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბგერის ფიზიკურ ბუნებას და მუსიკალური ჟღერადობების გარკვეულ ხარისხს, რომელიც სხვადასხვაგვარად ორგანიზებული ბგერითი კომპლექსებით მიიღწევა.

ტერმინი სონორისტიკა (sonorystyka) ეკუთვნის პოლონელ მუსიკოლოგ იოზეფ ხომინსკის (Chominski, 1961), რომელიც (ისევე როგორც ტადეუშ ზელინსკი) აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კომპოზიტორები დაინტერესდნენ საკუთრივ ჟღერადობით, მისი ფერით, კონსისტენციით, წყობით და მიმართულებით. სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნის კომპოზიტორების აკუსტიკური სივრცის გაფართოებისკენ სწრაფვის შედეგი. განსაკუთრებით მკაფიოდ სონორისტიკის წანამძღვრებს ვხვდებით დებიუსის, შონბერგის, ვარეზის შემოქმედებაში. ასე, მაგალითად, ვარეზის მუსიკის მკვლევარი, მწერალი ალეხო კარპენტიერი წერს, რომ მას „..უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს ბგერითი მასების მოძრაობა, განსხვავებული შრეების მნიშვნელობა, მოცულობათა მათემატიკურად ზუსტი დოზირება“ (Канпертьер, 1990), ანუ სწორედ ის მახასიათებლები, რომლებიც სონორისტიკაში მუსიკალური ქსოვილის უმთავრეს პარამეტრებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც 50-იან წლებში შექმნილი ელექტრონული და კონკრეტული მუსიკის ნორმატიული ანალოგი.

სონორისტიკა დაიბადა როგორც კომპოზიციის ტექნიკა და გადაიქცა მსოფლაღქემის გარკვეულ ტიპად, რადგან მისი მრავალგვარი ბგერითი ობიექტები და ამ ობიექტებით ოპერირების მეთოდი, ჩვენი აზრით, ახლოსაა სამყაროს იმ მოდელთან, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა: უსასრულოდ გამრავლებული, თავისი არსით შეუცნობადი ობიექტების ერთობლიობა.

სონორისტიკაში ჩამოყალიბდა ბგერის ახალი, ტრადიციულისგან განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მის გარეთ არსებული რეალობის, ანდა გარე სამყაროზე ადამიანის რეაქციის შედეგის რეპრეზენტანტი კი აღარაა, არამედ თვითმყოფადი და თვითკმარი ობიექტია. ბგერა სონორისტიკაში თვითონ ქმნის მშვენიერების სამყაროს და ესთეტიკური ღირებულებების სისტემას, სონორისტიკაში ბგერას შესაძლებელია მრავალი განსხვავებული მახასიათებელი ჰქონდეს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ტემბრია. სწორედ ტემბრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო ზოგიერთი მკვლევარი (მაგალითად, ცტირად კოჰოუტეკი) ამ მოვლენის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს „ტემბრების მუსიკა“ (Когоутек, 1976:236-255). მაგრამ ტემბრი არაა ერთადერთი პარამეტრი, რომელიც ქმნის სონორისტიკის უჩვეულო ბგერით სამყაროს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სხვათა შორის.

სონორისტიკის ძირითადი პრინციპების განხილვამდე აღვნიშნავთ, რომ ბგერის ფიზიკური ბუნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს XX საუკუნის 70-იან წლებში, საფრანგეთში ჩამოყალიბებული მიმართულება, ცნობილი სპექტრული მუსიკის სახელით (Musuque cpectrale). ფრანგი სპექტრალისტი კომპოზიტორები გაერთიანდნენ ჯგუფში Groupe de l’ltineraire (ჯგუფი გზა), ხოლო გერმანიაში ანალოგიური ინტერესები გამომჟღავნდა შტოკჰაუზენის მოწაფეების შემოქმედებაში. ისინი შეისწავლიან და მუსიკალურ ნაწარმოებებში იყენებენ ბგერის სპექტრს, როგორც კომპოზიციის მასალას. ტერმინი სპექტრული მუსიკა პირველად იყო გამოყენებული 1979 წელს დიუფურის მიერ სტატიაში, სადაც ხაზს უსვამდა ბგერის სპექტრის შესწავლის მნიშვნელობას. კომპოზიტორი-სპექტრალისტები შემოქმედებით პროცესში სხვადასხვა ჟღერადობების (ბგერა, აკორდი, ბუნებრივი ხმა და სხვ.) სპექტრული ანალიზისთვის ხშირად იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს. ამასთან, ქსენაკისის ალბათობის თეორიაზე და რთულ მათემატიკურ გამოთვლებზე დაფუძნებული მეთოდის მსგავსად, აქაც, ტექნიკური რესურსები მხოლოდ საშუალებაა მხატვრულ-ესთეტიკური შედეგის მისაღწევად. ქსენაკისის, ისევე, როგორც „სპექტრალისტების“ – გრიზეს, მიურაის, ეტვოშის, ფრიტჩის და სხვა კომპოზიტორების – მთავარი ამოცანაა განსაკუთრებული ბგერითი სამყაროს შექმნა.

XX საუკუნეში ჩამოყალიბებულ კომპოზიციის სხვა ტექნიკათა შორის სონორისტიკა გამოირჩევა პრინციპული უსისტემობით. ანუ, მოდალობის, ტონალობის, დოდეკაფონიის ან სერიალიზმისგან განსხვავებით, იგი მუსიკალური ენის ორგანიზებისთვის არ ქმნის გრამატიკულ სტრუქტურებს, რომლებიც იერარქიულად იქნებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამგვარად, სონორისტიკა წარმოადგენს ახალი, არადოგმატური ტიპის მუსიკალურ ენას. ენა მას მხოლოდ მეტაფორულად შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან იგი ენის არსებობის ძირითად ფორმებს არ პასუხობს და ამით, გარკვეული თვალსაზრისით, თავისუფალ ატონალობას ემსგავსება. ამასთანავე, თავისუფალი ატონალობისგან განსხვავებით, სონორისტიკა სარგებლობს მუსიკალური ენის ყველა სხვა რესურსით.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა კრიტერიუმებით შეიძლება სონორული ნაწარმოებების ანალიზი?

სონორისტიკაში ნებისმიერი სხვა საკომპოზიტორო ტექნიკის მსგავსად, მოქმედებს მუსიკალური ქსოვილის ორგანიზების ძირითადი სივრცული პარამეტრები − ჰორიზონტალი და ვერტიკალი, როგორც მუსიკის უმთავრესი დროით-სივრცული კანონზომიერებების ასახვა. მაგრამ აქ ისინი განსაკუთრებული ფორმით წარმოგვიდგებიან. ტრადიციულად ორგანიზებული მუსიკალური მასალისგან განსხვავებით იგი აქ სრულიად ახალ სივრცულ პირობებში ვითარდება: აქტუალური აღარაა ისეთი ტრადიციული ცნებები, როგორიცაა მელოდია, თანხლება, მრავალხმიანობის სხვა ფორმები, არამედ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვაგვარ მრავალბგერიან ობიექტებზე, რომელთა ფაქტურა, ტემბრი, არტიკულაცია სხვადასხვაგვარადაა ორგანიზებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ობიექტები ინარჩუნებენ მუსიკალური ქსოვილის საბაზისო მახასიათებლებს− ვერტიკალს და ჰორიზონტალს, და სწორედ ამიტომ სონორული ნაწარმოებების სხვადასხვა სახის ბგერითი ობიექტების სისტემატიზება შესაძლებელია ამ მახასიათებლების გათვალისწინებით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსიკალურ ხელოვნებაში, მისი ბუნებიდან გამომდინარე, საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ჰორიზონტალურ სტრუქტურებზე და მათ ვერტიკალურ ასპექტზე, ვინაიდან შეუძლებელია ვერტიკალური სტრუქტურების დიფერენციაციის მკაფიო და ობიექტური კანონების დადგენა (მუსიკაში სივრცის პირობითი არსებობის გამო).

შესაბამისად, სონორისტიკაში არსებული რეალური ჰორიზონტალური სტრუქტურები და მათი ვერტიკალური ასპექტები, დიდი მრავალფეროვნებით და შიდა ორგანიზების სირთულით ხასიათდება. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სტრუქტურების ვერტიკალური ასპექტი, რომელიც შეიძლება იყოს ვარირებული ერთი ბგერიდან ბგერათა სიმრავლემდე, ანუ იყოს თანხმოვანება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი აღნაგობისაა იგი.

ვერტიკალი: ბგერა. კლასტერი. სონორული აკორდი.

სონორული სტრუქტურების ყველაზე ელემენტარული ვერტიკალი შეიძლება იყოს ერთი ბგერა, რომელიც ტემბრულად და რეგისტრულად გამოიყოფა საერთო ფაქტურიდან, აქვს საკუთარი ტემბრული და არტიკულაციური მახასიათებლები, რომლებიც მის ინდივიდუალურ სახეს ქმნიან. ტემბრულად და რეგისტრულად გამოყოფილი ერთი ბგერა პარტიტურებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

მაგალითი №10
ერთი ბგერა: ქ. პენდერეცკი. Fluorescenses

Erti bgera.JPG



მრავალბგერიანი ვერტიკალი სონორისტიკაში ორგვარი შეიძლება იყოს − კლასტერული და არაკლასტერული.

კლასტერი – (ინგ. Claster ton-Claster, – მტევანი, კონა, ჯგუფი და სხვ.) თანხმოვანება, რომლის შემადგენელი ბგერები თანმიმდევრობითაა განლაგებული. კლასტერები პირველად XX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყენეს ჩ. აივზმა, ჰ. კოუელმა, ბ. ბარტოკმა, მაგრამ განსაკუთრებით ფართო გავრცელება 50-60-იან წლებში პოვეს. ამგვარი ბგერითი კომპლექსების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახები იყო ტემბრის სფეროში ახალი რესურსების ძიებით, ვინაიდან ბგერათსიმაღლებრივი პარამეტრი კლასტერისთვის მეორეხარისხოვანია.

კლასტერების აღნაგობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს გარკვეული ინტერვალის ერთიანი ბგერითი მასით შევსება, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს შეზღუდული ტემპერირებული წყობით და ფართოდ მიმართავდეს მიკროქრომატიკას. ბუნებრივია, კლასტერების ასეთ სტრუქტურას შედეგად მოსდევს რეგისტრული პარამეტრის აქცენტირება, ხოლო ბგერათსიმაღლებრივის კი, პირიქით, ნიველირება. აქ იბადება კითხვა: რა გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ კლასტერების მრავალფეროვნებაზე?

კლასტერების ჟღერადობაში მრავალფეროვნება სხვადასხვა ხერხით მიიღწევა, კერძოდ, კლასტერების სიმკვრივის და სიფართოვის, რეგისტრის, მათში შემავალი ბგერების ნაწარმოების ქსოვილში attacca-ს, დინამიკის, ტემბრის და არტიკულაციის ცვალებადობის მეშვეობით, რაც კლასტერებს განსხვავებულ შეფერილობას სძენს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლასტერების ჟღერადობაზე პარამეტრების ასეთი სიმრავლე მოქმედებს, მათი დიფერენცირება, უმთავრესად, ორი ნიშნითაა შესაძლებელი: განაპირა ბგერებს შორის ინტერვალის სიდიდის და მისი შევსების სიმკვრივიდან გამომდინარე.

ინტერვალის სიდიდიდან გამომდინარე, კლასტერები შეიძლება იყოს:

  1. სრული − ოქტავით ან მასზე დიდი ინტერვალით შემოფარგლული და სრული ბგერათრიგის შემცველი;
  2. არასრული − ოქტავაზე ნაკლები ინტერვალით შემოფარგლული და, შესაბამისად, არასრული ბგერათრიგის შემცველი.

კლასტერებს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი – მისი სივრცული განაწილება, ანუ სიმკვრივე. ამ თვალსაზრისით კლასტერი შეიძლება იყოს მჭიდრო და გაშლილი. მჭიდრო კლასტერები შედგებიან მინიმუმ მეოთხედ- და მაქსიმუმ მთელტონიანი ინტერვალებისგან და ქმნიან კომპაქტურ ბგერით ობიექტებს, ხოლო გაშლილი კი – სხვადასხვა ინტერვალებისგან, რომლებიც სხვადასხვა რეგისტრში არიან გადანაწილებული. გვხვდება, როგორც ერთგვაროვანი (მაგალითად, ტერციები, კვარტები და სხვ.), ისე სხვადასხვა ინტერვალისგან შემდგარი გაშლილი კლასტერები.

მაგალითი №11
სრული, მჭიდრო (მეოთხედტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Tren

Tren.JPG









მაგალითი №12
არასრული, მჭიდრო (ნახევარტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Fluorescences

Magaliti 12.JPG








მაგალითი №13
სრული, გაშლილი კლასტერი. დ. ლიგეტი. Atmosferes

MagaliTi 13.JPG













არაკლასტერული სონორული ვერტიკალი ყალიბდება ბგერების თანხმოვანებებში (უმეტესად დისონირებულში) არარეგლამენტირებული შეერთებიდან, რომლებიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სონორული აკორდები. სონორული აკორდები გამოირჩევა ინდივიდუალური, განუმეორებელი სტრუქტურით და სხვადასხვაგვარად აიგება. გვხვდება, როგორც ბგერების შედარებით შეზღუდული რაოდენობის შემცველი სონორული აკორდები (5-6), ასევე კლასტერებთან მიახლოვისული სონორული აკორდებიც. ხშირია დისონირებული ინტერვალების გამოყენება (სეკუნდები, ტრიტონები და სხვ.), თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს ტერციული სტრუქტურის სონორული აკორდებიც.

მაგალითი № 14
სონორული აკორდი. ტ. მიურაი. La Barque Mystique

MagaliTi 14.JPG









ჰორიზონტალი: ხაზი. შრე. ზოლი

ჰორიზონტალი, როგორც ცნობილია, მუსიკის „აბსოლუტური სიდიდეა“, ვინაიდან მუსიკაში ყველა მოვლენა დროში არსებობს და ვითარდება. განსაკუთრებით მკაფიოდ მუსიკის ჰორიზონტალური არსი პოლიფონიურ წყობაში ვლინდება, თუმცა ჰომოფონიურ-ჰარმონიულშიც, ვერტიკალის, აკორდის ფუნქციის პრიორიტეტის მიუხედავად, აშკარაა ჰორიზონტალური ლოგიკის მნიშვნელობა მელოდიის განვითარებაში და აკორდების მონაცვლეობაში. მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ მუსიკის ჰორიზონტალური განვითარების არსი ვლინდება სონორისტიკაში, რომელშიც თითქმის მთლიანადაა უარყოფილი აკორდი, უფრო ფართოდ ვერტიკალი, ტრადიციული გაგებით, და აქცენტირებულია სწორედ ჰორიზონტალი.

ჰორიზონტალური სონორული სტრუქტურები შეიძლება ორ ძირითად ტიპად დავყოთ: მონოლინეარულ და პოლილინეარულ სტრუქტურებად. მათ შორის მონოლინეარულია ხაზი, ხოლო პოლილინეარული – შრე. მაგრამ შესაძლებელია კიდევ ერთ სტრუქტურის გამოყოფა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც მონო-, ისე როგორც პოლილინეარული სტრუქტურა. ესაა ზოლი.

ყველაზე მარტივი, ჰომოგენური სონორული სტრუქტურა არის ხაზი – ბგერების ნებისმიერი ერთგანზომილებიანი თანმიმდევრობა, ანუ ის, რომლის ვერტიკალური ასპექტი დროის ნებისმიერ მომენტში არის ერთი ბგერა. ხაზი შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტურად სტატიკური, ასევე დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე განიცდიდეს ბგერათსიმაღლებრივ გარდაქმნებს. ამგვარი ხაზი შეიძლება მელოდიას მივამსგავსოთ, მაგრამ მათი გაიგივება შეუძლებელია, რადგან ხაზს, მელოდიისგან განსხვავებით, ინტონაციური ინდივიდუალურობა და ფორმის მთლიანობა არ ახასიათებს.

სტატიკური ხაზი: იხ. მაგალითი №10, ქ. პენდერეცკი Fluorescenses

მოძრავი ხაზი:

მაგალითი №15
ჟ. გრიზე. Quatre chants (დასაწყისი, საქსოფონის პარტია)

Magaliti 15.JPG




ხაზი შესაძლებელია ნაწარმოებში ფუნქციონირებდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე იყოს რთული ჰორიზონტალური სტრუქტურის ნაწილი.

სონორისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ტიპური და ყველაზე რთული ჰორიზონტალური სტრუქტურა არის პოლილინეარული შრე. მისი მახასიათებლებია: შედარებით დიდი მასშტაბი, მრავალფეროვნება ტემბრის, რეგისტრის, არტიკულაციის და ა. შ. გამოყენების თვალსაზრისით და ფართო დიაპაზონი. შრის ვერტიკალური ასპექტი უმეტესწილად კლასტერია, თუმცა, გვხვდება გამონაკლისებიც. პარტიტურებში გვხვდება შრის ორი ნაირსახეობა − ჰომოგენური და ჰეტეროგენული”. შრის ჰომოგენურობაზე ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტურა და ტემბრი ხასიათდება ვერტიკალის და ჰორიზონტალის ორგანიზების ერთგვაროვნებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შრე იყოფა ტემბრულ და ფაქტურულ „სართულებად" – იგი ჰეტეროგენულია.

ჰომოგენური შრე: იხ. მაგალითი №16, დ. ლიგეტი Lontano;
ჰეტეროგენური შრე: იხ. მაგალითი №17, დ. ლიგეტი. Atmosferes

პოლილინეარული შრეების ფაქტურა, როგორც წესი, ხასიათდება ზემრავალხმიანობით, რომლის დროსაც შეუძლებელია ცალკეული ხმების აღქმა და უპირატესობა ენიჭება მთლიან ჟღერადობას, მის ფერს, ინტენსივობას, სიმკვრივეს და ა. შ. ცალკეულ შემთხვევებში შრე შეიძლება იყოს ორგანიზებული პოლიფონიის ტრადიციული წესების შესაბამისად. უმეტესად გამოიყენება კანონის პრინციპი, მაგრამ უკიდურესად ბევრი ხმის (48 და მეტი) და ხმათა შორის მინიმალური ინტერვალის (როგორც ვერტიკალში, ისე ჰორიზონტალში) გამო ფაქტურული ორგანიზების ამ ტიპს უწოდეს მიკროპოლიფონია (დ. ლიგეტის ტერმინი).

მაგალითი №16
დ. ლიგეტი Lontano;

Magaliti 16.JPG












მაგალითი №17
დ. ლიგეტი. Atmosferes

Magaliti 17.JPG





















ამრიგად, სონორული კომპოზიციის ყველაზე მსხვილი და რთული აღნაგობის მქონე სტრუქტურული ერთეულია შრე, რომელიც მასალის გადმოცემის ფორმების და ტიპების, განვითარების ლოგიკის მრავალფეროვნებით ხასიათდება და საკუთარ თავში უფრო მარტივ სონორულ სტრუქტურებს აერთიანებს.

ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ჰორიზონტალური სტრუქტურები – ხაზი და შრე – სონორული პარტიტურის ძირითადი ელემენტებია. მათ შორის შუალედური ადგილი უკავია ზოლს, რომელიც მასალის ორგანიზების თავისებურებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მონოლინეარული (ფუნქციონირებდეს როგორც ხაზი) და პოლილინეარული (იყოს შრის მსგავსი), მაგრამ მისი მთავარი მახასიათებელია მცირე დიაპაზონი და შრესთან შედარებით მცირე სიმკვრივე. ზოლები, როგორც წესი, რეგისტრული, დინამიკური, ტემბრული, არტიკულაციური თვალსაზრისით ერთგვაროვანი სტრუქტურებია. ზოლის ისტორიულ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს აკორდების პარალელური მოძრაობა (მაგალითად, ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა op.2 №3-ის ფინალი, დებიუსის პრელუდია ჩაძირული ტაძარი და სხვ.).

ზოლი, როგორც მონოლინეარული, ანუ გამსხვილებული ხაზი, ისე პოლილინეარული, შეიძლება იყოს უფრო რთული სტრუქტურის − შრის შემადგენელი ნაწილიც და პარტიტურის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულიც.

მონოლინეარული ზოლები, როგორც შრის შემადგენელი ელემენტები: იხ. მაგალითი №18, პენდერეცკი, Fluorescences;
პოლილინეარული ზოლი: იხ. მაგალითი №19, დ. ლიგეტი. Lux aeterna

ამგვარად, სონორისტიკაში მოქმედებენ მუსიკალური ქსოვილის ძირითადი, მუსიკის არსებობისთვის არქეტიპული პარამეტრები – ჰორიზონტალი და ვერტიკალი, მაგრამ, ამ მიმართულების მხატვრული ამოცანებიდან გამომდინარე, ისინი განიცდიან სახეცვლას და ტრადიციული მელოდიის, აკორდის, პოლიფონიური თუ ჰომოფონიური მრავალხმიანობის ნაცვლად, წინა პლანზე წამოიწევს ჟღერადობის ხარისხი, რაც გულისხმობს ფაქტურის, ტემბრის, დინამიკის, არტიკულაციის ერთობლივ ფუნქციონირებას.

მაგალითი №18
პენდერეცკი, Fluorescences;

Magaliti 18.JPG









მაგალითი №19
დ. ლიგეტი. Lux aeterna

Magaliti19.JPG









წყარო

მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები