ტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტეტი – (ეგვ. Tti, დაახლ. ჩვ.წ.მდე 2323-2291), ეგვიპტის მეექვსე დინასტიის პირველი ფარაონი. არ არის ცნობილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ნათესაური კავშირი თავის წინამორბედებთან. შესაძლოა, მისი დედოფალი იპუტი V დინასტიის ბოლო ფარაონის, უნისის ქალიშვილია. ნებისმიერ შემთხვევაში, დინასტიური ცვლა მშვიდად მოხდა, რადგან ტეტის ვეზირმა კაგემნიმ თავისი კარიერა წინა დინასტიის ფარაონების, ჯედკარას და უნისის დროს დაიწყო.

მისი დროისათვის უკვე ჩამოყლიბებულ არისტოკრატიულ ფენასთან ერთგვარი თანამშრომლობის მიზნით მან თავისი ქალიშვილი სეშეშეტი დააქორწინა თავის ვეზირზე მერერუკაზე, რომელიც შემდეგში ტეტის პირამიდის კომპლექსის მთავარი ქურუმი იყო და თავისი ბრწყინვალე, 33 ოთახისაგან შემდგარი მასტაბა ტეტის პირამიდის სიახლოვეს, ჩრდილოეთ საქქარაში ააგო. იგივე მომრიგებლურ პოლიტიკას უნდა ემსახურებოდეს აბიდოსში ნაპოვნი ტეტის დეკრეტის ტექსტი, რომელიც ტაძარს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა. ტეტი აგრძელებდა სავაჭრო ურთიერთობებს ბიბლოსთან, მაგრამ სინაიზე მისი წარწერა აღმოჩენილი არ არის.

მანეთონის ცნობით, ტეტი მოკლული იქნა თავისი მცველის მიერ. თუმცა თანადროული საბუთი ამის თაობაზე არ არსებობს, ტეტი შესაძლოა უზურპატორის, უსერკარას შეთქმულების მსხვერპლი გახდა, რადგან როგორც პალერმოს, ასევე აბიდოსის მეფეთა სიებში მისი და პეპი I-ის მეფობას შორის დასახელებულია უსერკარას ორწლიანი მეფობა (სახელი შემონახულია აბიდოსის სიაში). უსერკარას სახელის საოცარი მსგავსება V დინასტიის ფარაონების სახელებთან (ეგვ. Wsrk3R, „ძლიერია რას კა“) ბადებს ეჭვს, რომ ის ახალი დინასტიის მოწინააღმდეგეების წარმომადგენელი იყო, ან, შესაძლოა, ეს იყო ხანმოკლე მეფობა დედოფალ იპუტის რეგენტობის დროს, სანამ ტეტის ვაჟიშვილი, მომავალი პეპი I პატარა იყო (Grimal, 2003, 81). ტეტი იყო მეორე ფარაონი (უნისის შემდეგ), რომელმაც თავისი პირამიდის კედლებზე პირამიდების ტექსტები მოათავსა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები