ტომსონი ჯოზეფ ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოზეფ ჯონ ტომსონი

ჯოზეფ ჯონ ტომსონი – (ინგლ. Sir Joseph John Thomson, 1856 - 1940), ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

პგოზეფ ტომსონი დაიბადა 1855 წლის 18 დეკემბერს მანჩესტერში. მისი მამა წიგნებით მოვაჭრე და გამომცემელი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობისას ჰქონდა მიკროსკოპი და იცოდა მისი ხმარება, რამაც იგი მეცნიერული კვლევის გზაზე დააყენა.

14 წლის ასაკში ტომსონი შევიდა მანჩესტერის ოუენს-კოლეჯში (რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად გადაკეთდა). კოლეჯში სწავლის პერიოდში ტომსონმა ჩაატარა გაზომვები და დაამუშავა ისინი თავისი პროფესორისთვის, რომელიც მზის ლაქებს იკვლევდა. ამ პერიოდშივე ტომსონი ატარებს ბევრ ქიმიურ ცდას. ერთ-ერთი ასეთი ცდა კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა ახალგაზრდა ტომსონისათვის. მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ტომსონმა კინაღამ მხედველობა დაკარგა. ტომსონი ელექტროსტატიკაშიც მუშაობდა. ამ დარგში ერთ-ერთი სამუშაო დაამთავრა ტომსონმა და გაემგზავრა კემბრიჯში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

პირველი წლები მიუძღვნა წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის შესწავლას, გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში. ეცნობა მაქსველის თეორიას. დიპლომის მიღების შემდეგ უნივერსიტეტში ასწავლის მათემატიკას და იწყებს მუშაობას ქავენდიშის ლაბორატორიაში, აქ პროფესორ რელეის ხელმძღვანელობით იწყებს გამოკვლევებს ელექტროსტატიკურ და ელექტრომაგნიტურ სისტემებში ელექტრული მუხტის ერთეულის თანაფარდობის დასადგენად. ეს იყო ძალიან რთული და მომქანცველი სამუშაო, მაგრამ უკვე პირველმა შედეგებმა გვიჩვენა მცირე განსხვავება თეორიულთან შედარებით. ტომსონის პირველი დამოუკიდებელი შრომები თეორიული ხასიათისაა.

1874 წელს, კარლ რელეის წასვლის შემდეგ, ტომსონს იღებენ ტრინიტი-კოლეჯში ფიზიკის პროფესორად და კემბრიჯის უნივერსიტეტში ქავერდიშის ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობაზე (იგი ამ დროს 18 წლის იყო). აქ იგი იკვლევს გაზების გამტარებლობის თვისებებს. ამ გამოკვლევების მოცულობა მეცნიერების განვითარებასთან ერთად სულ უფრო გაფართოვდა, და ტომსონმა მას თავისი სიცოცხლის ბევრი წელი მიუძღვნა. რენტგენის მიერ X – სხივების აღმოჩენის შემდეგ ტომსონი აქვეყნებს ნაშრომს, რომელიც რეზერფორდთან ერთად მოამზადა, „რენტგენის სხივებით დასხივებულ გაიშვიათებულ გაზებში ელექტრული დენის გავლის შესახებ.“ ამ ნაშრომიდან გამომდინარეობდა, რომ ეს გამტარობა გამოწვეულია გაზში დაელექტროებული ნაწილაკების არსებობით. მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს გაზებში დენის გავლის დამახასიათებელ თვისებას – ომის კანონს დენი გაზებში ემორჩილება ძაბვის გარკვეულ საზღვრებში.

გაიშვიათებულ გაზებში ელექტრული დენის გავლის შემდგომი გამოკვლევებით ტომსონმა აჩვენა, რომ ელექტრული მუხტის ფარდობა მასასთან EM.PNG იმ ნაწილაკებისათვის, რომლებიც კათოდური სხივების მატარებელია, გაცილებით დიდია, ვიდრე ელექტროლიზის დროს მიღებული წყალბადის იონებისთვის. ამის საფუძველზე მან გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ კათოდურ სხივებში ელექტრული მუხტი გადაიტანება ნაწილაკებით „კორპუსკულებით, რომელთა ზომები და მასა გაცილებით მცირეა წყალბადის ატომის ზომებთან შედარებით. 1898 წელს განსაზღვრა „კორპუსკულის“ მუხტი, რომელიც ელექტროლიზის დროს მიღებული წყალბადის იონის მუხტის ტოლი აღმოჩნდა, ამ კორპუსკულას ელექტრონი ეწოდა. ტომსონმა განმარტა ელექტრონის ბუნება და პირველმა განსაზღვრა მისი ფიზიკური მუდმივები. დაამუშავა “აგრეთვე სხვადასხვა ელემენტის ატომებში შემცველი ელექტრონების რაოდენობის შეფასების ორი მთავარი მეთოდის თეორია.

მის მიერ წამოყენებული ატომის მოდელი არის მატერიის სფერო დადებითი მუხტით და მასში ჩაძირული ელექტრონებით. იგი ნივთიერების აგებულების თანამედროვე წარმოდგენის წინამორბედი გახდა.

ტომსონის უფრო გვიანმა ნაშრომებმა EM.PNG განსაზღვრაზე არხული სხივებისათვის მიგვიყვანა იზოტოპების აღმოჩენამდე.

ტომსონი იყო გენიალური მეცნიერი, გამოირჩეოდა შემოქმედებითი წარმოსახვით და ორიგინალობით, მის ნაშრომებს ნოვატორული ხასიათი ჰქონდათ – ისინი წარმოადგენდნენ გამოსავალ წერტილს ყველა შემდგომი გამოკვლევებისათვის თავისი ნაშრომებით გაამყარა ელექტრობის ატომური, წყვეტილი აღნაგობის თეორია, რის გამოც 1906 წელს მიიღო ნობელის პრემია.

ტომსონი იყო მორიდებული, ჩუმი ადამიანი, მაგრამ საზოგადოებაში ბრწყინავდა მახვილგონიერებით. უყვარდა ყვავილები, ბევრი რამ იცოდა მათ შესახებ, თუმცა თვითონ მეყვავილეობას არ ეწეოდა. აინტერესებდა სპორტი – კროკეტი, ტენისი და ფეხბურთი. ამბობდნენ, რომ ამ არაჩვეულებრივ ექსპერიმენტატორს თითქოსდა მოუქნელი ხელები ჰქონდა და დედა არასოდეს ლურსმნის ჩაჭედების უფლებასაც არ აძლევდა.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები