ტონადილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტონადილია − (ესპ. tonadilla, სიმღერა), XVIII-XIX სს. ესპანური მუსიკალური კომედია. სიმღერებიდან (სოლო და დუეტი), მუსიკალური და საცეკვაო სცენებიდან წარმოშობილი კომიკური ოპერა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტონადილია მჭიდროდ იყო დაკავშირებული მადრიდის სახალხო თეატრებთან და ხშირად სრულდებოდა თეატრალური პიესის აქტებს შორის ინტერმედიის სახით. ტონადილიას ისტორიული მნიშვნელობა მეტად დიდია. მასში განვითარდა ესპანური მუსიკის ეროვნული სტილისათვის დამახასიათებელი მრავალი რიტმული და ინტონაციური ელემენტი. ტონადილიაში წარმოდგენილია აგრეთვე ბოშური, მავრიტანული, ზანგური ფოლკლორი. მასში ჩამოყალიბდა ესპანური ცეკვა ბოლერო და აგრეთვე ესპანეთში სამხრეთ ამერიკიდან შემოსული ჰაბანერა და ტანგო.