ქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაშ-ი (ვაინ. Каш) – ვაინახური საგვარეულო აკლდამა, თლილი ქვის ერთ-, ორ- ან სამსართულიანი მიწისზედა ან ნახევრად მიწაში ჩადგმული საძვალე ნაგებობა, რომელსაც დასახლებული პუნქტის ახლოს აგებდნენ.

გვხვდება სამი ძირითადი სახის აკლდამა:
  1. ორფერდასახურავიანი წაგრძელებული ნაგებობა;
  2. პირამიდულ სახურავიანი ოთხკუთხა შენობა;
  3. მრგვალი ფორმის ნაგებობა.

აკლდამის ყოველ სართულს აქვს საძრომი, კვადრატული ფორმის ღიობი იმ ზომისა, რომ მიცვალებულის ცხედრის შეტანა შესაძლებელი იყოს.

მიცვალებულთა დასასვენებლად კედლის გაყოლებაზე მართავდნენ ხის ან ქვის ტახტებს. მიცვალებულთა ხსოვნის დღეებში გარე კედელზე, ღიობის ორივე მხარეს მიმაგრებული ფიცრების ნახვრეტებში ბაირაღებს ათავსებდნენ. ზოგჯერ ქაშის გარეთა კედელზე აკეთებდნენ მცირე ზომის სწორკუთხოვან ნიშებს, რომლებიც წვიმისა და ქარის დროს მკვდართა სულების „თავშესფარს“ წარმოადგენდნენ. ქაშებში ალაგებდნენ საიქიოში სულისთვის აუცილებელ საგნებს: ჭურჭლეულობას, იარაღს, დუქარდს, საქსოვი და საქარგი მოწყობილობის ნაწილებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ბავშვის აკვანს და სხვ. ზოგჯერ აქ გვხვდება ქვაბი და კერიის ჯაჭვი, რაც იმის ნიშანია, რომ შავი ჭირის ეპიდემიის დროს ქაშში მთელი ოჯახი გადასახლდა და იქვე მიიცვალა.

ი. ბლარამბერგი ადამიანის სხეულის უხრწნელი ნაწილების, მათ შორის თმების, შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის: „ამ აკლდამებს დასავლეთის მხარეს აქვთ მიცვალებულის გვამის შესასვენებელი პატარა ღიობები – საძრომები, რომლებიც წყობილი ქვებით არის დახშული. ამ ქვებზე ქალები თავიანთ ნაწნავებს ჰკიდებენ“, რაც ეხმიანება მიცვალებულის ქმრის საფლავში ქვრივი ქალის თმის ჩატანების კავკასიის ხალხებში გავრცელებულ ჩვეულებას.

მიწისზედა ანუ „მზიური აკლდამა“ (Мялха каш), რომელსაც ქაშქოვსაც („სამარხი კარი“) უწოდებდნენ, გარდა საძვალისა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდნენ მამაკაცები და უხუცესთა ხელმძღვანელობით სოფლის საჭირბოროტო საკითხებს წყვეტდნენ; აქვე ეწყობოდა სასოფლო სასამართლოც. ქაში ვაინახებისთვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა და მას იფიცებდნენ კიდეც.


ლიტერატურა

  • Шегрен А. М. Религиозные обряды осетинб ингушей и их соплеменников при различных случаях // Кавказ. 1846. № 28;
  • Бларамберг И. Кавказская рукопись. Ставрополь, 1992;
  • Ч. Ахриев. Избранное. Сост. А. Мальсагов. Назрань, 2000;
  • Крупнов Е. И. Средневековая материальная культура ингушей // Средневековая Ингушетия. М., 1971;
  • Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები