ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები
ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები − ერთ-ერთი (ტექნიკური) კატეგორია ღვარცოფებისაგან დაცვის ღონისძიებათა სისტემაში.
ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების დანიშნულებაა – უშუალო ზემოქმედება მოძრავ ღვარცოფულ ნაკადზე, მისი გაჩერების ან მავნე ზემოქმედების ზონის შეზღუდვის მიზნით. კალაპოტის გარეცხვისაგან დაცვის მიზნით ღვარცოფული და არაღვარცოფული მთის წყალსადინარების კალაპოტებში ეწყობა მარტივი ნაგებობები – ნაპირსამაგრი კედლები, შემონაკირწყლი, ფსკერული საგუბრები. ფაქტობრივად, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების ძირითადი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ კლასად: სარეგულაციო, შემკავებელი და მასტაბილიზებელი. სარეგულაციო ნაგებობებია დამბები, ღვარცოფსაშვები, ღვარცოფგამტარი არხები და სხვ. ემსახურება ნაკადის გაყვანას, ნაკადის მიმართულების შეცვლას, ლოკალიზაციას და გაშვებას დასაცავი ობიექტის ზემოდან ან ქვემოდან; შემკავებელი ნაგებობები – ღვარცოფშემკავებელი კაშხლები და ღვარცოფსაცავები – გათვალისწინებულია მთლიანი ღვარცოფული მასის ან მისი ნაკადის შემცველი მყარი შემადგენლობის უდიდესი ნაწილის შესაჩერებლად; მასტაბილიზებელი ნაგებობები – საშუალო სიმაღლის საყრდენი დამბების სისტემა, რომელიც ეწყობა ღვარცოფული კალაპოტის გასწვრივ – გარდაქმნის მის გრძივ პროფილს საფეხურისებრ პროფილად მცირე ქანობებით, რაც აფერხებს ღვარცოფის ფორმირებას. ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები გაცილებით ეფექტურია ღვარცოფული აუზების მელიორაციასთან შეთანაწყობაში.