ყან ალღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყან ალღან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Кън алгъан – „მოსისხლის მიღება“) – მოსისხლეთა შერიგების ჩვეულება მათ შორის ათალიყურ ურთიერთობათა დამყარების გზით, გავრცელებული ბალყარელ და ყარაჩელ თავადაზნაურებში. ასეთ აღსაზრდელს „ნაშვილები მოსისხლე“ (къан-аталыкъ-улан/къан эмчек) ეწოდებოდა. ყან ალღანი ორი საშუალებით ხორციელდებოდა. პირველ შემთხვევაში ბავშვის ათალიყურ აღზრდას დამნაშავე მხარე კისრულობდა. აღწერს რა ხუბიევებისა და ხაჩიროვების გვარების მტრობის ისტორიას, ბ. მილერი წერს, რომ „განრისხებულებთან (ხუბიევებთან) შერიგებისათვის დევლეთს (ხაჩიროვს) ხუბიევების ერთ-ერთი მცირეწლოვანი აღსაზრდელად უნდა აეყვანა, რაც გააკეთა კიდეც. ამით ისინი შემოირიგა და ამ დროიდან ხუბიევებსა და ხაჩიროვებს შორის კარგი ურთიერთობა არ დარღვეულა“. მეორე შემთხვევაში მკვლელის შვილის აღმზრდელის როლში დაზარალებული მხარე გამოდიოდა. ბავშვი მოსისხლის ოჯახში ორი ან სამი წელიწადი რჩებოდა და შემდეგ დასაჩუქრებული მშობლებთან ბრუნდებოდა. „სიმწიფის ასაკს მიღწეულ ყან-ემჩექს არ შეუძლია მკვლელის გვარის ქალიშვილზე ქორწინება, რადგან იგი მათ ნათასავად ითვლება“ (ი. ივანიუკოვი). უნდა აღინიშნოს, რომ ყან ალღანის ჩვეულება სხვადასხვა ხასიათის საწესო ქმედებებით იყო თანხლებული.

ბალყარელთა და ყარაჩელთა შორის მოსისხლეთა შერიგების ზემოაღნიშნული ჩვეულების გავრცელებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მათთან სისხლის აღება წესი არ არსებობდა, ხოლო კავკასიის ხალხებისათვის ცნობილ ტალიონის პრინციპს ტრადიციულად სხვადასხვაგვარი კომპოზიცია ცვლიდა.


ლიტერატურა

  • Иванюков И., Ковалевский М. М. У подошвы Эльборуса // Вестник Европы. СПб., 1886. Т. I;
  • Миллер Б. В. Из области обычного права карачаевцев // Этнографическое обозрение. М., 1902. Кн. 52. № 1;
  • Карачаевцы. Историко-этнографический очерк. Черкесск, 1978;
  • Боташев М. Д., Башиев А. М. Установление искусственного родства // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები