ყარაჩაული ცხვარი
ყარაჩაული ცხვარი - ცხვრის ჯიში. ჯიში აერთიანებს ჯიშთა გარკვეულ ჯგუფს, სადაც შედის ყაბარდოულის, ბალკარულის, ინგუშურის, ჩანჩურის, ოსურის სახელით ცნობილი ჯიშები, ყველა ეს ჯიში, თითქმის უკლებლივ, უმჯობესდებოდა ყარაჩაული ცხვრის საუკეთესო ეგზემპლარებით და ძალიან ჰგავს მას. გავრცელებული არიან ყარაჩაიში, ტებერდაში, ყაბარდოში, ოსეთში, ჩეჩნეთში, ბალკარიაში, აგრეთვე ყოფილი ყუბანისა და თერგის ოლქებში. გვხვდებიან საქართველოს ზოგიერთი რაიონის მთაგორიან უბნებშიც.
ამ ცხვარს ახასიათებს გრძელი და მსუქანი, ქვედა ნაწილში ამოკაუჭებული, კუდი დიდი ზომისა არ არის. ნერბების ცოცხალი წონა 48 - 50 კილოგრამია, წესიერი შერჩევისა და კვება-მოვლის პირობებში 64 კილოგრამს აღწევს, ხოლო ყოჩებისა 80 კილოგრამს. საკლავის წონა 50 - 52% ია. მეტწილად რქიანია. გვხვდებიან დოლა (ურქო) ცხოველები და, ხშირად, 3 და 4 რქიანიც. ფერად შავია, მხოლოდ კუდის ბოლოზე აქვს თეთრი ნიშანი. მატყლი სინაზით მაინცდამაინც არ გამოირჩევა. თუმცა ძალიან მქისე ბეწვისაგან არ შედგება. კანძის წონა დიდი არ არის, ორ პარსვაზე 1,1 – 1,2 კილოგრამი. ჩრდილოეთ კავკასიაში მქისემატყლიან ჯიშთა შორის საუკეთესო მატყლად ითვლება. ვინაიდან ეს მატყლი თელვადია და ქმნის მკვიდრსა და მჭიდრო ქეჩას, მისგან ნაბადს და ნაბდის ჩექმას აკეთებენ.
ცხვარი დიდი მერძეულობით არ გამოირჩევა. 4 - 5 თვის ლაქტაციისას 24 -27 კილოგრამ რძეს იძლევა, 8 -11° ცხიმით. ნაყოფიერება მცირეა. ტყუპი კრავი ნაკლებად იცის. გემრიელი ხორცი აქვს. კარგი კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში თვალსაჩინოდ მოიმატებს ხოლმე მეხორცულობაც და მატყლიანობაც. წარმოებული ცდების მიხედვით, კარგად ნაკვები 6 თვიანი მამალი თოხლის ცოცხალი წონა 61 კილოგრამს აღწევდა. - ზოგიერთ ადგილას ყარაჩაულის ჯიშს ყარაკულთან აჯვარებენ. მისი გავრცელების რაიონები ვაკე ადგილებში ეს მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ლინკოლნის (ინგლისური ჯიშია) ყოჩებთან შეჯვარებით მიღებული პირველი თაობა მეტი ცოცხალი წონითა და მეტი რაოდენობის ერთგვაროვანი მატყლით ხასიათდებოდა, ამიტომ ასეთ შეჯვარებასაც სასურველად თვლიან. ცუდი შედეგი გამოიღო ყარაჩაულის შეჯვარებამ მერინო-ცხვართან იმ მხრივ, რომ ხორცის ხარისხი გაუარესდა, ცხოველები მომცრო ტანისა, გადანაზებული და სიცოცხლის შესუსტებული უნარისა აღმოჩნდნენ. 1934 წელს დაარსებული იყო ყარაჩაული ცხვრის სახელმწიფო ჯიშთსაშენი.