შრიოდერი ფრიდრიხ ლუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ლუდვიგ შრიოდერი

ფრიდრიხ ლუდვიგ შრიოდერი − (გერ. Friedrich Ludwig Schröder, 1744-1816), გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე.

1756-63 წლებში მუშაობდა აკრობატად, ჟონგლიორად, მოცეკვავედ და პანტომიმისტად. მომდევნო ათწლეულში მონაწილეობდა აკერმანის და გერმანელი ფარსული მსახიობის ი. კურცის წარმოდგენებში. 1762 წელს დადგა ბალეტი, რომელიც თვითონ შექმნა და თავადვე შეასრულა მთავარი როლი. ამ დროიდან მოყოლებული იგი ხდება ბალეტმაისტერი (შექმნა და დადგა დაახლ.70 ბალეტი). 60-იან წლებში განასახიერა არლეკინოს ნიღაბი იმპროვიზებულ კომედიებში, რომლებიც შექმნილი იყო იტალიური კომედია დელ’არტეს მიბაძვით. ბრწყინვალე იმპროვიზატორის ნიჭმა მას ამ როლში მოუტანა დიდი წარმატება. შემდგომ ითამაშა მსახურების კომიკური როლები გოლდონის და მოლიერის პიესებში. მისი გადასვლა ლიტერატურულ დრამაში და ტრაგედიაში განაპირობა ერთი მხრივ დედის გავლენამ, ვისგანაც მან მიიღო ტრაგედიული დეკლამაციის გაკვეთილები, მეორე მხრივ კი მსახიობ კ. ეკგოფთან თანამშრომლობამ, რომელმაც მასში დაინახა დიდი დრამატული მონაცემები. 1769 წლიდან მოყოლებული, იგი მონაწილეობას იღებდა ჰამბურგის ნაციონალური თეატრის ფორმირებაში და აკერმანის გარდაცვალების შემდეგ, ამ თეატრს ჩაუდგა სათავეში. ამ წლებში იგი გახდა გერმანული სცენის რეფორმატორი, დაამკვიდრა ნაციონალური რეპერტუარი, დადგა „ქარიშხლისა და შეტევის“ დრამატურგთა პიესები. მან გამოჰყო დრამა ოპერისა და ბალეტისაგან, უარი თქვა საოპერო და საბალეტო სპექტაკლების დადგმაზე. მან პირველმა თარგმნა და ჰამბურგის სცენაზე დადგა შექსპირის ტრგედიები და სახელი გაითქვა როგორც დიდმა ტრაგედიულმა მსახიობმა. მან გერმანულ სცენაზე დაამკვიდრა ფსიქოლოგიური სიმართლე, ბუნებრიობა, უბრალოება. მან საფუძველი ჩაუყარა გერმანულ თეატრალურ პედაგოგიკას. ცდილობდა ახალგაზრდა მსახიობებში შემოქმედებითი დისციპლინის გამომუშავებას, აჩვევდა დამოუკიდებლობას, ამკვიდრებდა ბუნებრივი თამაშის პრინციპებს. იგი, ამასთანავე, იყო დრამატურგიც. დაწერა პიესები მდაბიორთა დრამის ჟანრში: „ანდერძი“, „პრაპორშჩიკი“, „დედის პორტრეტი“ (და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები