ჩოხის წმინდა გიორგის ირემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოხის წმ. გიორგის ირემი – მონადირე წასულა სანადიროდ ჩოხიდან. დაუნახავს ირემი. მოსხლიტა ბოძალი. არ გავარდა, ირემს კი რქებზე სანთლები ანთებია. დაბრუნდა მონადირე სახლში და მამას უამბო ეს ამბავი. მამამ უთხრა, უნდა იწმიდოო. ორი კვირა იწმიდა მონადირემ, მაგრამ ბოძალი ვეღარ დაძრა ადგილიდან, დატოვა სახლში, ვეღარ წაიღო სანადიროში.

წავიდა და ის ირემი ისევ იქ დახვდა. რქებზე ისევ სანთლები დაენთო და გაუძღვა მონადირეს მთის წვერისაკენ. ცირასებზე რომ ავიდნენ, ირემი გაუჩინარდა, მაგრამ მოფრინდა მტრედი და მხარზე დააჯდა მონადირეს. ამ დროს გაღმიდან ყვირილით გამორბის დევი: სად მიგყავს, ჩემიაო! მონადირემ მტრედი გუდაში ჩაისვა და გაიქცა. მირბის და მოსდევს დევი. ხეთანასთან დევი წამოეწია, მაგრამ ხე წამოიქცა და დევს გზა გადაუკეტა, აღარ გადმოუშვა. ჩოხში რომ მოვიდა, მონადირემ გუდიდან ამოსვა მტრედი. მტრედი გაფრინდა და ჩობალაურთ თავზე იფნის ხეზე დაჯდა, აქედან ხოზას გაფრინდა. ხოზადან ისევ ჩოხში დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც გუდიდან ამოსვა მონადირემ. ყველგან, სადაც კი მტრედი დაჯდა, ნიშია და იქ დღესასწაულობენ.

ასე დამკვიდრდა წმიდა გიორგი ჩოხში. დევისთვის კი ადგილი მიუცია: ჩემი იასაული იყავიო. როცა ჩემ ყმათ გაუჭირდება, მიეშველეო და ჩემი ყმები ციკან-ბატკანს დაგიკლავენო. დევის ადგილზე ქვა არის ერთი, ზედ დევის უცერო ხელი და შებრუნებული ფეხი ატყვია. აქ კლავენ ციკან-ბატკანს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები