ჭანჭყატა
ჭანჭყატა - Euonimus verrucosus Scop.
ფშავ., ხევს. – ჭანჭყანტა, ჭყანჭყანტა, სატრია, ხევს. — ბოხჩურა, თუშ. – ჭიჭკოტი, მთიულ. – ქადისკვერა, აჭარ. – ბოხჩუანა, ჩიბუხტარა, ლეჩხ. – ოგნარი, ჭან. – ფხენიში ჯა, სვან. – სეფსკერ, საბა – ჭკანჭკანტა
ჭანჭყატა, როგორც ხშირად უწოდებენ – მეჭეჭიანი ჭანჭყატა ეკუთვნის ჭანჭყატასებრთა ოჯახს. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტესად იზრდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში, წიფლნარში, რცხილნარში, ნატყევარის ბუჩქნარში და მდელოებზე. ტენის მოყვარულია და უფრო მეტად გავრცელებულია ნესტიან ხეობებში და დაბლობის ტენიან ტყეებში. ჭანჭყატა 1-2 მ-მდე ბუჩქია. ტოტები მწვანეა და მოშავო ფერის მეჭეჭებითაა დაფარული.
ფოთოლი შიშველია ორივე მხრიდან, ხერხისებრ დაკბილული. ყვავის მაის-ივნისში. ყვავილები მოწითალო მურაა, ფარად შეკრებილი. ნაყოფი მეწამული-წითელი ფერისაა. გამოირჩევა ფორმით, რომელიც მარტო ჭანჭყატებისთვისაა დამახასიათებელი: ეს ოთხი ბლაგვწახნაგა კოლოფის ერთობლიობაა. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.