ჭოგნარი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ჭოგნარი – სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 120 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი.
სახელწოდება
ქართულ ტოპონიმიაში ცოტა როდია ისეთი სახელწოდებები რომლებიც მცენარეთა სახელებისაგან არიან წარმომდგარნი და სუფიქსადაც -ნარ- ელემენტს დაირთავენ: ბუკ-ნარ-ი, სხა–ნარ–ი (–სხალ–ნარ-ი) , მოცვ-ნარ-ი, თხილ-ნარ-ი, მუხ-ნარ-ი, ვაშ-ნარ-ი (–ვაშლ-ნარ-ი), და მისთ. სწორედ ამგვარ სახელთა წყებას ეკუთვნის სოფლის სახელი ჭოგნარი, რომელშიც აშკარად გამოიყოფა მცენარეული საფარის სიმრავლის აღმნიშვნელი -ნარ- სუფიქსი. საყრდენი (ამოსავალი) ფუძეა ჭოგრი, რომელიც იმერულ კილოში სარს, გრძელ ჯოხს, კაკლის დასაბერტყ ხალას ეწოდება (იგივე ჭოკი). მაშასადამე, ჭოგნარ- ფორმაში ფუძისეული რ დაკარგულა სუფიქსისეული რ-ს გავლენით (მოსალოდნელი იყო დისიმილაციაც, მაგრამ იგი არ მომხდარა იმის გამო, რომ ფუძეში გვაქვს ნ სონორიც): ჭოგრ-ნარ- → ჭოგნარ-ი: „სოფელი, სადაც იჭრება გრძელი ლატმები (კაკლის საბერტყი ხალები) ან სარები ღობეთა შემოსარაგვავად.