ჯონსონი ენდრიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ენდრიუ ჯონსონი – (ინგლ. Andrew Johnson, 29 დეკემბერი 1808 — 31 ივლისი 1875), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, პრეზიდენტი 1865-69. ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც არ მიუღია განათლება რაიმე ოფიციალურ სასწავლო დაწესებულებაში. პროფესიით - თერძი.

1831 გახდა ქ. გრინვილის (ტენესი) მერი. 1835-37, 1839-43 არჩეული იყო შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრად. 1843-53 აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია, 1853-57 კი – ტენესის შტატის გუბერნატორი. 1857 ჯონსონი ხდება აშშ-ის სენატორი ტენესის შტატიდან, სახელი გაითქვა 1861 წლის ივნისში, როდესაც აღმოჩნდა ერთადერთი სენატორი სამხრეთის შტატებიდან, რომელიც გამოვიდა აღნიშნული შტატების გამოყოფისა და კონფედერაციის შექმნის წინააღმდეგ. 1862 ა. ლინკოლნმა ის დანიშნა ტენესის შტატის სამხედრო გუბერნატორად და მიანიჭა ბრიგადის გენერლის ჩინი. 1864 აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო 1865 წლის აპრილში გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც მოკლეს ა. ლინკოლნი.

პრეზიდენტობის პერიოდში ჯონსონის საგარეო-პოლიტიკური მოღვაწეობიდან აღსანიშნავია I867 აშშ-ის მიერ რუსეთისაგან ალასკის შეძენა 7.2 მლნ. დოლარად და ამავე წელს, აშშ-ის მხრიდან გარკვეული ზეწოლის შემდეგ, ფრანგული ჯარების გაყვანა მექსიკიდან. სხვა მხრივ, მისი პრეზიდენტობის ხანა აღინიშნა კონგრესთან დაპირისპირებით სამხრეთ შტატების რეკონსტრუქციისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის თაობაზე. 1868 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება ჯონსონის იმპიჩმენტის შესახებ (პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში), მაგრამ სენატში ეს წინადადება არ გავიდა (დააკლდა 1 ხმა) და ჯონსონმა შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი. პრეზიდენტის უფლებამოსილებების გასვლის (1869) შემდეგ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სარბიელს და რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1875 ისევ აირჩიეს აშშ-ის სენატში ტენესის შტატიდან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები