შლიმანი ჰაინრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰაინრიხ შლიმანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ შლიმანი

ჰაინრიხ შლიმანი − (გერმ. Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann; დ. 6 იანვარი, 1822, ნოიბუკოვი — გ. 26 დეკემბერი, 1890, ნეაპოლი) — გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი.

პომერანიელი პასტორის ოჯახში დაბადებული შლიმანი, შემდგომში მსოფლიოში ერთერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა და მთელი თავისი უზარმაზარი ქონება მოახმარა ჰომეროსის პოემებში მოხსენიებული უძველესი ბერძნული ქალაქების მიკვლევასა და შესწავლას. შლიმანს სჯეროდა, რომ ჰომეროსის პოემებში აღწერილი ამბები სრულ რეალობას წარმოადგენს და უპირველეს მიზნად დაისახა ქ. ტროას მოძებნა და არქეოლოგიური შესწავლა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფ. ჰისარლიკის მახლობლად მიაგნო ბორცვს, რომლის მდებარეობა ზუსტად შეეფერებოდა ჰომეროსის „ილიადაში“ აღწერილ ქალაქ ტროას ანუ იგივე ილიონის მდებარეობას.

ჰისარლიკის ბორცვის გათხრამ დაადასტურა, რომ აქ მართლაც ლეგენდარული ტროა მდებარეობდა და ლეგენდა რეალობად იქცა. გათხრებმა რეალური ქალაქი აღმოაჩინა. მაგრამ როგორც დილეტანტს, შლიმანს ტროას გათხრების დროს მრავალი შეცდომა მოუვიდა. საქმე ისაა, რომ ჰისარლიკის ბორცვი მრავალფენიანი ძეგლი ალმოჩნდა და შლიმანი ვერ გაერკვა თუ რომელი ფენა რომელ ეპოქას ეკუთვნოდა; კერძოდ, ჰომეროსის პოემებში აღწერილ ტროად მან მიიჩნია ქვემოდან მეორე ფენა. ტროად მიჩნეული კი უნდა ყოფილიყო მერვე ფენა.

შლიმანის შეცდომები ნაწილობრივ გამოასწორა არქიტექტორმა და არქეოლოგმა ვილჰელმ დიორპფელდმა (1853-1940 წ.წ.), რომელიც მხარში ამოუდგა შლიმანს და მის არქეოლოგიურ სამუშაოებს მეცნიერული სახე მისცა. შლიმანის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე გათხრები მიკენში და ტირინთოში (პელოპონესი), ორქომენში (შუა საბერძნეთი) და კუნძულ ითაკაზე. დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა კუნძულ კრეტაზეც, სადაც მასთან ახალგაზრდა ინგლისელი არქეოლოგი არტურ ევანსი თანამშრომლობდა.


წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია


.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები