ჰოუტონის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოუტონის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებიჰოუტონის ბიბლიოთეკის კოლექციაში 1940 წლიდან საფონდო ნომრით MS.Georgian1 დაცულია შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ილუსტრირებული ქართული ხელნაწერი წიგნი ბერთის ოთხთავი.

MS Georgian 1. ბერთის ოთხთავი
MS Georgian 1. 237r.

X ს. 257 ფ.; ეტრატი; მთავრული. ანდერძი ნუსხურად. 26,2×21,8 სმ.; მელანი ყავისფერი. შემკულია დეკორირებული კანონებითა და ფეხზე მდგომ მახარებელთა შეწყვილებული გამოსახულებებით. ბიბლიოთეკის საცავში მოხვედრისთანავე წიგნმა მიიპყრო ამერიკელ ორიენტალისტთა ყურადღება. პირველი ვრცელი და დაწვრილებითი კოდიკოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი გამოკვლევა მას რ. ბლეიკმა და ს. დერ ნერსესიანმა მიუძღვნეს (Blake 1944: 226-285). როგორც გაირკვა, ხელნაწერი 1830 წელს ყარსში შეუძენიათ ამერიკელ მისიონერებს, რისი დამადასტურებელი მინაწერიც წიგნის 2v -ზე იკითხება: „This Georgian Gospels was found by Messrs. Smith and Dwight, American Missionaries, in the Armenian Сhurch of Сars, Оune 28, 1830“. ზემოთ დასახელებული გამოკვლევის საფუძველზე სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილი გახდა წიგნის როგორც პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური მონაცემები, ასევე კოლოფონები. ოთხთავის შავთეთრი ფოტოასლი ამჟამად კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ხელნაწერისადმი ინტერესს ზრდის ის ფაქტი, რომ იგი შექმნილია ისტორიული საქართველოს, კერძოდ, ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვანს სამონასტრო ცენტრში. წიგნის გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ცნობებს, უპირველეს ყოვლისა, გვაწვდის ოთხთავის ბოლოს დართული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული გადამწერის ანდერძი, რომელში მოხსენიებული ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობების საფუძველზე ხელნაწერი თარიღდება X ს-ის დასასრულით: „... მე გლახაკი გაბრიელდა მეუღლე ჩემი ღირს ვიქმენით დაწერად წმიდისა ამის სახარებისა ლავრასა შინა დიდსა ბერთას,საყოფელსა წმიდიდსა ღმრთისშობელისასა, სალოცველად მეფეთა ჩუენთა: სუმბატ ერისთავთა ერისთავისათჳს და შვილთა მათთათჳს – დავითისთჳს და ბაგრატისთჳს...“. ბერთის ოთხთავი დახვეწილი კალიგრაფიითა და ტექსტის ორგანიზებით, სახარების რედაქციული თავისებურებითა და მოხატულობის იკონოგრაფიული ტიპით სავსებით პასუხობს სწორედ ამ ეპოქის ქართული ტაოკლარჯული სკრიპტორიუმების სამწიგნობრო მოთხოვნებს. წიგნის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქართული წერილობითი კულტურის ფარგლებს, ვინაიდან მასში შემავალი ტექსტი წარმოადგენს ახალი აღთქმის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ადრებიზანტიური რედაქციის თარგმანს, რომელიც, ბლეიკის აზრით, 913 წლის ოპიზისა და 995 წლის ტბეთის პირველი სახარებების შუალედურ ვერსიას წარმოადგენს (Blake 1944:257).

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ IX-X სს-ის ქართულ ხელნაწერ სახარებებს, რომლებშიც არ გვხვდება რედაქციული ერთგვარობა, დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ადრებიზანტიური რედაქციის ტექსტის აღდგენის საქმეში. ამ მხრივ კი საგანგები ყურადღებას იქცევენ სწორედ ტაო-კლარჯეთის სკრიპტორიუმებში გადაწერილი ოთხთავები, რომელთა არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა არსებობს (Адишское 1916; Blake 1928; 1950; შანიძე 1945; Briere 1955; Molitor 1965; ადიშის 2003). სწორედ მათ რიგში დგება ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერიც, რომლის მნიშვნელობის კვლევა ჯერ კიდევ სამომავლო საქმედ რჩება. ხელნაწერი საინტერესო მხატვრული თვალსაზრისითაც, რადგან იგი არის ერთ-ერთი იმ ოთხთავთაგანი, რომელთა დეკორირებული კამარებითა და მინიატურებით შემკობაც ისევ და ისევ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკრიპტორიუმებში დაიწყო. ხელნაწერის მხატვრული შემკულობაც განსხვავდება თანადროული ტაოკლარჯული მოხატული ხელნაწერებისგან (ადიშის, ჯრუჭის I, ტბეთის I ოთხთავებისგან).

ბერთის ოთხთავის პირველ მკვლევართა, რ. ბლეიკისა და ს. დერ ნერსესიანის აზრით, ხელნაწერების შემკულობა სომხური ტრადიციის ანალოგს წარმოადგენს, თუმცა არ მიჰყვება მას აბსოლუტური სიზუსტით. ქართული წერილობითი კულტურის ზოგადბიზანტიურ კონტექსტში კვლევის გამოცდილებამ ნათლი გახადა, რომ IX-X სს-ის ქართული ხელნაწერი წიგნები ინარჩუნებენ აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის ადრეულ რედაქციებს, მათი უშუალო წყაროების ძიება უნდა ეყრდნობოდეს არა ცალკეული ერთეულის განყენებულ კვლევას, არამედ მის გააზრებას ერთან კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში. ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერის სწორედ ამ მიმართულებით შესწავლამ მკვლევრები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბერთის ოთხთავის მხატვრული სისტემა მიჰყვება ოთხთავის ილუსტრირების ადრებიზანტიურ ტრადიციას, რომელიც მხატვრულ ფორმათა ძიების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ჯერ კიდევ არაა მოქცეული კონსტანტინეპოლური ეპოქის მკაცრად კანონიზირებულ ჩარჩოებში (ამირანაშვილი 1961: 204-205; Шмерлинг 1979: 84-89). ხელნაწერი გამოირჩევა სხვადასხვა პერიოდის მინაწერთა სიმრავლით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერთის ოთხთავის ერთ-ერთმა მინაწერმა შემოინახა „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე ადრეული ტაეპი იორდანეს მოსახსენებლითურთ: „მართლად იტყჳს მოციქული, შიში შეიქს სიყვარულსა“. “ცოდვილსაჲ ვისმე იორდანეს შეუნდვენ ღმერთმან“ (237r). ხელნაწერზე არსებული XV-XVI სს მხედრული და ნუსხური მინაწერები იძლევა მნიშვნელოვან მასალას სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის კვლევისათვის (კლდიაშვილი 2018)

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები