შავთავა ცოცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავთავა ცოცია''' '''შავთავა ცოცია''' (ლათ. Sitt...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:46, 1 ივნისი 2025 მდგომარეობით

შავთავა ცოცია

შავთავა ცოცია (ლათ. Sitta canadensis Linnaeus, 1766) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავთავა ცოცია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 72-77 მმ-ია, კუდი – 38-40 მმ, ნისკარტი – 13-15 მმ, წონა – 12-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდეში არაა, ხოლო შეფერილობაში მცირედაა გამოხატული. ზრდასრულ ფრინველს თავი შავი აქვს, შუბლზე რამდენიმე თეთრი ბუმბული ურევია. თავის გვერდები და ყელი თეთრია; ზურგი და წელი – მოცისფრო-რუხი; მომქნევები – მორუხო-ყავისფერი, მოცისფრო-რუხი გარეთა მარაოებით. საჭის ბუმბულების შუა წყვილი, ისევე როგორც ზურგი, რუხია; საჭის დანარჩენი ბუმბულები შავია, მორუხო ბოლოებით. სხეულის ქვემო მხარეს ყელი თეთრია, მუცელი – რუხი, მკერდის წინა ნაწილსა და ჩიჩახვზე დიდი განივი მოჟანგისფრო-ყავისფერი ლაქა; კუდქვეშა ბუმბულები მორუხოა. ფრთების ქვემო მფარავები მოთეთროა. ნისკარტი მუქი რქისფერია, ფეხები – მორუხო-მურა. დედალს ზურგი ღია ფერის, უფრო მორუხო, ხოლო თავი ნაკლებად შავი აქვს.

ზოგიერთი ავტორი შავთავა ცოციას მხოლოდ ქვესახეობად მიიჩნევს. სხვები აღწერენ ამ სახეობის 7 ქვესახეობას. მათ შორის საქართველოში მოიპოვება მცირე აზიური შავთავა ცოცია – S. c. krüperi Pelzeln, 1843.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის არეალი შედგება რამდენიმე იზოლირებული ნაწილისაგან. მათ შორის ყველაზე ვრცელია არეალის ჩრდილოეთამერიკული ნაწილი, რომლის უმეტესობა კანადაშია, ევროპაში მოიპოვება მხოლოდ კუნძულ კორსიკაზე. არის მცირე აზიასა და დასავლეთ კავკასიაში. გარდა ამისა, ორი იზოლირებული არეალი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: ერთი ჩრდილოეთი ჩინეთისა და მონგოლეთის მთებშია, ხოლო მეორე – კორეაში. ყველგან მობინადრე ან ნაწილობრივ მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. საქართველოში მოიპოვება სპორადულად როგორც მობინადრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მთის ტყეებში, მეტწილად მაღალტანიან ნაძვნარებში – 1000-დან 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ფუღუროებში, რომლის შესასვლელს თიხით ამოლესავს და მხოლოდ ვიწრო ხვრელს ტოვებს. ბუდე ამოფენილია ხავსით, მატყლითა და ბუმბულით. მაისში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

შავთავა ცოციას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის ხეზე მცხოვრები მწერები, მათი კვერცხები და ლარვები. მცირე რაოდენობით ჭამს ხემცენარეთა თესლებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს ტყის მეურნეობისათვის, თუმცა ამ ფრინველის მცირერიცხოვნობის გამო სარგებლობა დიდი არაა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები