კიკნაძე ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან კიკნაძე

ქეთევან კიკნაძე – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1939 წლის 10 მაისს ბორჯომში, პედაგოგების ოჯახში, დაამთავრა ბორჯომის ქალთა საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1959) მუშაობდა ერთ ხანს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში.

1964 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა ბაზაზე შეიქმნა რუსთავის თეატრი; თავის კოლეგებთან ერთად ახალდაარსებულ თეატრში ქეთევან კიკნაძეც გადავიდა და დაჰყო იქ 1971 წლამდე; მსახიობმა ამის შემდეგ ოთხ წელიწადს იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1975 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.

თეატრში ქეთევან კიკნაძეს სულ ცოტა ასამდე როლი აქვს შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია: როქსანა („სირანო დე ბერჟერაკი“), ხატია (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), თამრიკო(ვ. როზოვის „ორი ფერი“), გულქანი (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), მაკა (თ. ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე“).

ქეთევან კიკნაძეს აგრეთვე მრავალი როლი აქვს განსახიერებული კინოეკრანზეც, მათგან შეიძლება გამოვყოთ: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1967), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968), ბეჩუნი („დათა თუთაშხია“, 1979), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1984) და სხვ.

1985 წელს ქეთევან კიკნაძეს, მრავალსერიიან ფილმში „წიგნი ფიცისა“ ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები