კუმისის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:48, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუმისის ტბა

კუმისის ტბა (კუმისის შემოგარენი)

გარდაბნის რაიონის ბუნებრივ ლანდშაფტებში გარკვეული ადგილი უკავიათ ტბებს. მათ შორის ფართობის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისიდან 15 კმ-ში მდებარე კუმისის ტბა, ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, რომელიც მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეზე, სოფ. კუმისის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარეობს. მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის, ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ. სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის - დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე). კოორდინატები: 41°35′07″ ჩ. გ. 44°50′29″ ა. გ.

კლიმატი კონტინენტურია, მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-10C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 240C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ. ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 68%.

კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო. დღეს მას შეიძლება ვუწოდოთ ბუნებრივ-ანთროპოგენური წყალსატევი, ვინაიდან მასში ჩაშვებულია მდინარე ალგეთის წყალი და თევზსაშენი მეურნეობაა მოწყობილი. ამას მოჰყვა წყლის დონის აწევა და იხტიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია. ადრეულ პერიოდში კუმისის ტაფობში რამდენიმე ნაწილად დატოტვილი ტბორი იყო წარმოდგენილი. შემდგომში შეერთების შედეგად მცირე ტბად გადაიქცა. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა. ტბის ძირითადი მასაზრდოებელია მდინარე ალგეთის წყალი, რომელიც აქ არხითაა მიყვანილი. საზრდოობს ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი (შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.). შიგ ტბაში ადგილ-ადგილ შეინიშნება ცივი წყაროების გამოსავლები. მდიდარია თევზით. კუმისის ტბაში ჩაედინება მდინარე უკანხევი, რომელიც სათავეს იღებს დაბა კოჯრის მიდამოებში და გამოივლის სოფელ ტაბახმელას გვერდით, გუდელისის ტერიტორიაზე. მდინარე სოფელში, ზემოუბნის ხევში წარმოქმნის ულამაზეს ჩანჩქერს და საბოლოოდ კუმისის ტბას ერთვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები