მადიამელები
მადიამი – უდაბური ადგილი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით. ბიბლიის მიხედვით მადიამი აბრაამის ვაჟი იყო, რომლის მოდგმასაც მადიამელები ეწოდა. მადიამელები განთქმულები იყვნენ თავიანთი აქლემებით. ისინი ყოველთვის აქლემებზე ამხედრებულები მოგზაურობდნენ, ომობდნენ და ტვირთსაც აქლემებით ზიდავდნენ. აქლემი იყო მადიამელის სახლი. ეს ერთგვარად განპირობებული იყო იმით, რომ მადიამელთა ტერიტორიას თითქმის მთლიანად უდაბნო წარმოადგენდა.
მადიამელები მომთაბარე ხალხი იყო და ხშირად მოძრაობდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, არ ჰქონდათ დიდი ქალაქები და დასახლებები. ისინი მომთაბარეობდნენ სინას ნახევარკუნძულზეც და მკვდარი ზღვის მიდამოებშიც.
ბიბლიაში მადიამი გვხვდება მოსეს წიგნებშიც, რადგან სწორედ მადიამში დაიმალა მოსე ფარაონისაგან და აქ დაოჯახდა, ცოლად შეირთო მადიამელი ქურუმის, იოთორის ქალიშვილი. მოსემ მადიამში 40 წელიწადი გაატარა სანამ თავისი დიდი მისიის შესასრულებლად გაეშურებოდა ეგვიპტეში.
როდესაც ებრაელებმა ეგვიპტე დატოვეს და ქანაანს მიაშურეს მოსეს მეთაურობით, მადიამელები მოაბელებთან და პალესტინისა და ქანაანის სხვა ქვეყნებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. ამისათვის ისინი სასტიკად დაისაჯნენ ებრაელების მიერ, რომელთაც მთლიანად ამოწყვიტეს მადიამელი მამაკაცები, გადაწვეს ქალაქები და დასახლებები, მაგრამ მათი ნაწილი მაინც გადარჩა და დასჯას გადაურჩა.
მადიამელები მუდამ ებრაელების მტრები იყვნენ და ცდილობდნენ ზიანი მიეყენებინათ მათთვის. საბოლოოდ ისრაელის მსაჯულმა გედეონმა მთლიანად გაანადგურა ისინი. ამისშემდეგ მადიამელების სახელი ძალიან იშვიათად ჩნდება ბიბლიის წიგნებში, რადგან ისინი ფიზიკურად თითქმის აღარ არსებობდნენ.
ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა. (ფსალ. 82, 9)