ყაზან-ყაენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:36, 9 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაზან-ყაენი (ცენტრში) იყო ბუდისტი ტახტზე ასვლისას სამხედრო შეთანხმების ფარგლებში მიიღო ისლამი.

მაჰმუდ ყაზან-ყაენი – (დ. 5 ნოემბერი, 1271 — გ. 17 მაისი, 1304), ძე არღუნ-ხანისა. ილხანთა (ჰულაგუიანთა) დინასტიის მეშვიდე მბრძანებელი (1295-დან).

ყაზან-ყაენმა მიიღო ისლამი, რითაც დაუახლოვდა ირანის სამოქალაქო და სასულიერო ზედა ფენას, აგრეთვე, მოიპოვა ადრე გამუსლიმებული მონღოლური მომთაბარე არისტოკრატიის მხარდაჭერა. მან გამოსცა კანონი თავრიზში, ჰამადანში, მარაღასა და სხვა ქალაქებში აგებული ეკლესიებისა და სინაგოგების დანგრევის შესახებ. შემოიღო სულადობრივი გადასახადი – ჯიზია არამუსლიმებზე, მაგრამ მალე (1296), იმ მიზნით, რომ არ გაეფუჭებინა ურთიერთობა ქართველ და სომეხ ფეოდალებთან, გააუქმა ის.

ყაზან-ყაენმა ჩაატარა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამონეტო რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას. სოფლის მეურნეობის, ვაჭრობა-ხელოსნობის, საქალაქო ცხოვრების აღორძინება-გამოცოცხლებას. მან მიწები პირობით მფლობელობაში დაურიგა მონღოლ მეომრებს და დაუკანონა მიწაზე გლეხთა მიმაგრება. სახელმწიფოს განაგებდა გამოცდილი საფინანსო მოხელის რაშიდ ალ-დინ ფაზლ ალ-ლაპ ჰამადანის დახმარებით.

ყაზან-ყაენს უთანხმოება ჰქონდა საქართველოს მეფესთან დავით VIII-სთან (1293-1311). მეფე არ ეახლა მას ურდოში, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. თანაც ცდილობდა, ილხანთა წინააღმდეგ ოქროს ურდოს გამგებელთან დაემყარებინა კავშირი. დავითსა და ყაზან-ყაენს შორის, გარდა სამხედრო კონფლიქტისა, ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, რომლებშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აბრაჰამ I, ივანე ბურსელი და თბილისის ყადი (მუსლიმთა მოსამართლე). ერთ-ერთი ელჩობის დროს მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს ივანე ბურსელი. ყაზან-ყაენმა დავითს მისი ძმები – გიორგი V და ვახტანგ III დაუპირისპირა. ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა და ის საქართველოს მეფედ დაამტკიცეს.

1297-1303 ყაზან-ყაენმა მიუხედავად ისლამის მიღებისა, სამჯერ ილაშქრა ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ სირიაში. აილი ჰალ აბი, ჰომსი, დამასკი, იერუსალიმი, მაგრამ მისი ცდა, დაეპყრო სირია, ისევე როგორც წინამორბედი გამგებლებისა, მარცხით, დასრულდა. საფრანგეთმა, არაგონმა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებმა ყაზანს სამხედრო დახმარება აღუთქვეს მამლუქთა წინააღმდეგ ბრძოლებში, მაგრამ არ შეასრულეს დაპირება. სირიის ლაშქრობებში მონაწილეობდნენ ქართველებიც, ვახტანგ III-ისა და სამცხის ათაბაგის ბექა I ჯაყელის მეთაურობით. 1299 იერუსალიმის აღების დროს ვახტანგ III მატერიალურად დაეხმარა ჯვრის მონასტრის კრებულს, რომელიც მონასტრის მეჩეთად გადაკეთების (XIIIს. 70-იანი წლების დამდეგი) გამო დაიფანტა და გაჭირვებას განიცდიდა. სირიაში ბრძოლებს ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები