ყანჩელი გია
გია ყანჩელი − (10 აგვისტო 1935 –2 ოქტომბერი 2019, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს (1980) და სსრკ (1988) სახალხო არტისტი, სსრკ (1977), შოთა რუსთაველის სახელობის (1981) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1998).
1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1971-78 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-იდან განაგებდა თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუსიკალურ ნაწილს. 1979 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1984-90 პირველი მდივანი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სიმფონიებით (I-VII, 1967-86), რომელთა მუსიკა გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიკურობით და თვითმყოფი დრამატურგიით. სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: ოპერა „და არს მუსიკა“ (1984, თბ. ოპერის თეატრი. 1999 დაიდგა გერმანიაში ქ. ვაიმარში), კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962), Largo და Allegro სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963), „სევდა ნათელი“ (ბიჭუნათა გუნდის, 2 სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის, 1985), ლიტურგია („ქარით დატირებული“) სიმფონიური ორკესტრისა და სოლო ალტისათვის (1989), სიმფონიური ნაწარმოებები: „სიცოცხლე შობის გარეშე“, „Lament“ (1995), „Styx“ (1999) და სხვ., მუსიკა სპექტაკლებისათვის „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (რუსთაველის სახ. თეატრის დადგმები), კონოფილმებისთვის („არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ქვევრი“ „მიმინო“, „შერეკილები“), საესტრადო სიმღერები და სხვ.