ექსპოზიცია (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 17 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპოზიცია – (ბერძ. expositio გადმოცემა, მტკიცება), სიუჟეტიანი მხატვრული ნაწარმოების კომპოზიციის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც დახასიათებულია ის გარემო, რომლის ფონზე იშლება სიუჟეტი, ან გადმოცემულია პერსონაჟთა თავგადასავლის ის მონაკვეთი, აგრეთვე ისეთი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ კვანძის გახსნას, მაგ. გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში“ ექსპოზიციას წარმოადგენს რომანის ის თავები, რომლებშიც მოთხრობილია საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების პირველი ნაბიჯები და ბახვას ბავშვობის ამბავი.

ჩვეულებრივ, ექსპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების დასაწყისშია მოცემული. ასეთ ექსპოზიციას პირდაპირს უწოდებენ. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა, მწერლის მხატვრული ჩანაფიქრის თავისებური ხასიათის გამო, ექსპოზიცია: ჩართულია ნაწარმოების შუა ან ბოლო ნაწილში. ამის მიხედვით, ურთიერთისაგან განასხვავებენ შეკავებულ და უკუშექცევით ექსპოზიციებს. ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში?!“ მოცემული გვაქვს შეკავებული ექსპოზიციის ნიმუში, ლუარსაბისა და დარეჯანის ახალგაზრდობისა და შეუღლების ისტორია მოთხრობილია ნაწარმოების შუა ნაწილში. ნ. გოგოლის „მკვდარ სულებში“ ექსპოზიცია უკუშექცევადია – ჩიჩიკოვის აღზრდის შესახებ მწერალი მოგვითხრობს რომანის ბოლო ნაწილში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები