თევზაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია მოსეს ძე თევზაძე – (დ. 6 თებერვალ, 1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრა).

სარჩევი

ავტობიოგრაფია

ოჯახი

დავიბადე მედავითნე მოსე ლაზარეს ძე თევზაძის ოჯახში. ჩემს მშობლებს – მოსე ლაზარეს ძეს და პარასკევა ნიკოლოზ უღელიძის ასულს, რომლებიც ეხლა ცოცხალი არ არიან – ჰყავდა რვა შვილი: ხუთი ვაჟი და სამი ქალი. მიუხედავათ მათი სიღარიბისა, მათ ყველა შვილებს მიაღებინეს შესაფერი განათლება.

განათლება

1887 წ. მე მიმაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სწავლა დავამთავრე 1896 წ.

1899 წ. მე მიმიღეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე ვმეცადინეობდი იქ არსებულ მესამე დასელების მოწაფეთა წრეებში. მივიღე სემინარიაში სამჯერ მომხთარ არეულობაში აქტიური მონაწილეობა. 1903-1904 წ. სემინარიაში მომხთარ არეულობის გამო მე სხვა აქტიურ მონაწილეებთან ერთათ სავსებით დათხოული ვიყავი სემინარიიდან და თითქმის ერთი წელიწადი დავრჩი სასწავლებლის გარეშე. ამ დროის განმავლობაში მე დავუახლოვდი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიას და ამ პარტიაში დავიწყე აქტიური მუშაობა. 1904 წ. მე მიმიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე მივიღე აქტიური მონაწილეობა იქ მომხთარ არეულობაში, რის გამოც მე სხვებთან ერთათ დათხოულ ვიყავი სემინარიიდან ეგრეთ წოდებული „волчій“ ბილეთით.

მოღვაწეობა საქართველოში

1905 წ. მე დავინიშნე სოფ. დაფნარის, ქუთაისის მაზრა, სამრევლო სკოლის მასწავლებლათ, მაგრამ რადგან თბილისის სემინარიის ყოფილმა რექტორმა არქიმანდრიტმა ნიკანდრემ ჩემს შესახებ შეადგინა ქაღალდი, სადაც ის „ანარქისტს“ და „ბომბისტს“ მიწოდებდა და დაუგზავნა პროკურატურას და ჟანდარმერიას, მე იძულებული გავხთი დამეწყო არა ლეგალური ცხოვრება.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მე ვიყავი არჩეული საგუბერნიო კომიტეტის წევრათ და ვმუშაობდი არალეგალურათ თბილისში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, ოზურგეთში, ბაღდათის და სამტრედიის რაიონებში და სხვ.

1905 წ. რევოლიუციის დროს მე ვიყავი არჩეული სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის, წითელი რაზმის ხელმძღვანელათ და ვმოქმედებდი ბაღდათის რაიონში წიფის მიმართულებით.

მოღვაწეობა უცხოეთში

ცნობილი ალიხანოვის დამსჯელი ექსპედიციის მოქმედებისა და რეაქციის გაძლიერების შემდეგ ჩემი კავკასიაში ცხოვრება ყოვლად შეუძლებელი შეიქნა. 1906 წ. მე გავემგზავრე რუსეთისაკენ და იმავე წელს მიღებულ ვიყავი ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფის დროს მე ვმუშაობდი სოც.-რევოლიუციონერთა პარტიაში და სტუდენტთა სხვა და სხვა ორგანიზაციაში: ვიყავი არჩეული კურსის „სტაროსტათ“, კავკასიის სათვისტომოს თავმჯდომარეთ, შემდეგ კი ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეთ და სხვ. ჟანდარმერიამ არც იქ მომასვენა: რამდენიმეჯერ გამიჩხრიკეს ბინა, წამართვეს წიგნები და ბარათები და შემდეგ დაჭერაც მომინდომეს, რის გამოც ექვსი თვე სიზრანში ვცხოვრობდი არალეგალურათ.

1907 წ. მე დავესწარი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობას, როგორც ქუთაისის გუბერნიის ორგანიზაციების მიერ არჩეული, სწორეთ იმ ყრილობას, რომელსაც მოყვა აზეფის გაცემა.

1910 წ. მე დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი ყაზანის უნივერსიტეტში, იმავე წლის 6 ენკენისთვეს მე დავინიშნე ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის უმცროს კანდიდატათ. 1911 წ. 16 აგვისტოს გადავედი ქუთაისის სახაზინო პალატაში, სადაც ვმსახურობდი 1914 წ. 25 იანვრამდის. ამ ხნის განმავლობაში მე მივიღე „ტიტულიარნი სოვეტნიკობა“ და კიდევაც შევირთე (30 კვირიკობისთვეს 1913 წ.) ცოლი – თამარ დავით ლუკაშვილის ასული: ეხლა მყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი.

დაბრუნება და მოღვაწეობა საქართველოში

1914 წ. 4 თებერვალს მე ჩავერიცხე ნაფიც ვექილთა წოდებაში ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ და გადავესახლე სამუშევრად დ. სამტრედიაში, სადაც ვიყავი სოციალისტი რევოლიუციონერთა პარტიის სამტრედიის რაიონის კომიტეტის თავმჯდომარეთ.

1917 წლ. მარტში, როდესაც მოხთა რუსეთის რევოლიუცია, მე ვიყავი არჩეული სამტრედიის რაიონის კომისარიატში, რომელმაც აჰყარა იარაღი ყველა პოლიციელებს და ჟანდარმებს და ჩაიბარა საქმეები. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ შემდეგ კი სამტრედიის რაიონის კომისრად. იმავე წლის მარტში მე ამირჩიეს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარ გამგეობის წევრათ და მოლარეთ.

1917 წ. კვირიკობისთვეში მე გადმოვესახლე ქუთაისში, სადაც არჩეული ვიყავი: ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ, ქუთაისის სამაზრო საადგილ-მამულო კომიტეტის თავმჯდომარეთ, ქუთაისის საგუბერნიო საადგილ-მამულო კომიტეტის წევრათ, ქალაქის თვითმართველობის საბჭოს ხმოსნათ და სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტის წევრათ. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ.

1917 წ. ენკენისთვეში არჩეული ვიყავი ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის გამგეობის წევრათ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში კი ქალაქის თავის ამხანაგათ.

საქართველოში მომქმედ სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის პირველი ყრილობის მიერ მე არჩეული ვიყავი პარტიის ცენტრალურ კომიტეტის წევრათ, 1918 წ. 15 წიფობისთვეს კი არჩეულ და დამტკიცებულ ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრათ. 17 წიფობისთვეს 1918 წ. მე მომანიჭეს ნაფიცი ვექილის წოდება.

23/X – 1918 წ.
პარლამენტის წევრი ილია მოსეს ძე თევზაძე.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები