ორფოთოლა (Platanthera chlorantha (Custer) Rchb.)
ორფოთოლა – (Platanthera chlorantha (Custer) Rchb.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მთლიანია, წაწვეტებული, მოგრძო-კვერცხისებური. ფოთოლი ორია, ფართო და ბლაგვწვერიანი; ღეროს ზედა ნაწილში პატარა ლანცეტა და მახვილი ფოთლებია. ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული ფორმის, მრავალყვავილიანი. თანაყვავილედი ფოთლისებურია, მწვანე, ლანცეტა, წაწვეტებული ან ბლაგვი. ყვავილები მომწვანო-თეთრია. ტუჩი ხაზურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება იშვიათად, დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში, ძირითადად, წიფლნარ-მუხნარებში, წიწვოვან ტყეებში, ბუჩქნარში, ალპურ სარტყელში – მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცჭლ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.