ამაღლება
ამაღლება - (მოძრავი საუფლო დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს) - თავის აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ხშირად ეჩვენებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა მათ. უკანასკნელად კი აღდგომიდან] მეორმოცე დღეს გამოეცხადა მოციქულებს, აიყვანა ისინი ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე და უბრძანა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, რადგან მიიღებდნენ რა განსაკუთრებულ ძალას მოციქულები, როცა სულიწმინდა გადავიდოდა მათზე, ისინი უნდა გამხდარიყვნენ ქრისტეს მოწამენი მთელს იერუსალიმში ქვეყნის დასასრულამდე.
დაასრულა რა თავისი სათქმელი იესომ, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბლებს მოეფარა. მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, როცა მათ უფლის ორი ანგელოზი გამოეცხადა, თეთრი, სპეტაკსამოსიანი ორი ახალგაზრდა კაცის სახით და აუწყა მათ, რომ ზეცად ამავალი უფლის მხილველნი ქრისტეს ხელმეორედ მოსვლასაც იხილავდნენ თავის დროზე, სწორედ ისე, როგორც ახლა, ცის ღრუბლებით მომავალს, ოღონდ მაშინ ეს მსვლელობა იქნება დიდებით და ბრწყინვალებით შემოსილი.
მარკოზ მახარებელი გვამცნობს, რომ „იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა“ - ნიშნავს, რომ იესო ქრისტე თანაარსია მამისა, არაფრით არ არის მასზე ნაკლები. ეს ჩანს მეფეთა თანამოსაყდრეთა კურთხევის ცერემონიალშიც: როცა მეფე თავის ძეს განამზადებდა თანამოსაყდრედ, მეფის ბრძანებით მეფის ტახტის ზუსტ ასლს აკეთებდნენ, დადგამდნენ მეფის მარჯვნივ და მასზე აკურთხებდნენ მეფის ძეს, როგორც მეფის თანასწორს. მეფის გვერდით ჯდომა გამოხატულებაა მეფური დიდებული ღირსებისა.
ქრისტე ამაღლდა ადამიანური ბუნებითა და ადამიანური სხეულით, თორემ წმინდა მამების განმარტებით, იგი ღმრთაებრივი ბუნებით ყველგანმყოფია, ქრისტემ თავისი ამაღლებით სრულად განადიდა, აამაღლა და სრულიად განაღმრთო კაცობრივი ბუნება, რითაც ადამიანი ყოველთა ანგელოზთა მაღლა დააყენა. ამიტომაა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული უფლის ამაღლება.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი 2013 წ.