მამია IV გურიელი
მამია IV გურიელი – (გ. 1784), გურიის მთავარი, 1726-56, 1758-65. 1771-76, გიორგი IV გურიელის ძე.
XVIII ს-ის 20-იან წლებში გაძლიერდა გურიაში ოსმალთა შემოტევა. თურქებმა გურიის სანაპირო პუნქტები – ციხისძირის, ქობულეთის, შეკვეთილის, გრიგოლეთის ციხეები დაიკავეს და გურია ზღვას მოსწყვიტეს. თურქთა მოძალების მიუხედავად, მამია IV გურიელმა აკრძალა ტყვეთა სყიდვა. 1748 მან თავისი ბიძა ნიკოლოზ შემოქმედელი გაგზავნა ერეკლე II-სთან და თურქთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა.
1752 იმერეთში გამეფდა სოლომონ I. მის წინააღმდეგ გამოვიდა ფეოდალთა დიდი დაჯგუფება. მათ შორის მამია IV გურიელი. ბრძოლა საბოლოოდ სოლომონის გამარჯვებით დამთავრდა. 1756 მან გაილაშქრა გურიაში, გადააყენა მამია IV გურიელი და მის მაგიერად მისი ძმა გიორგი გაამთავრა. მალე მამია IV გურიელმა შეძლო ტახტის დაბრუნება. მაგრამ იძულებული იყო, მეფეს დამორჩილებოდა. 1757 სოლომონ I-ს ეხმარებოდა სრესილის ბრძოლაში. 1765 გურია თურქებმა დაიკავეს. გადააყენეს მამია IV გურიელი და ტახტზე მისი ძმა გიორგი დასვეს. 1771 გურიაში ილაშქრა სოლომონ I-მა.მან ტახტზე აღადგინა მამია IV გურიელი, რომელიც 1776 ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიის სარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.