აბულეთის სამონასტრო კომპლექსი
აბულეთის სამონასტრო კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მის დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ ძეგვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აბულეთის ბორცვზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა შენაკადის, ე.წ. ზარიძეების წყლის სათავესთან, ადგილ ნაბაღრებში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის წმინდა გიორგის დიდი და მცირე ეკლესიები, სვეტი, ქვაყუთები, ორმოსამარხები, სათავსები და სხვადასხვა შენობათა ნაშთები. ეკლესია თარიღდება XI საუკუნით.
სარჩევი |
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დგას ბორცვის თხემის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი დარბაზულია (18,5X10 მ), ძლიერ დაზიანებულია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მ). ნაგებია ტლანქად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებით. გარეთა საპირე ქვებს შორის არსებული სიცარიელეები ზოგან შევსებულია ანტიკური კრამიტის ნატეხებით. ეკლესიას ეტყობა, რომ მოგვიანებით შეუკეთებიათ (სამხრეთიკარის აღმოსავლეთ წირხლის ზედა ნაწილში შემორჩენილია ბრტყელი კვადრატული აგურის წყობა).
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. აფსიდის სამხრეთ მხართან ნახევარწრიული ნიშაა. სამხრეთი კარის დასავლეთით, მიწის ზედაპირიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე, კედლიდან გამოშვერილია კონსოლი (0,7X0,7 მ, სიგრძით 1მ), ხოლო კარის აღმოსავლეთით, კედელზე მთლიანი თლილი ქვის პილასტრია (1,5X0,6 მ), რომელსაც ბალიშისებრი კაპიტელი აქვს. პილასტრს დასავლეთ მხარეს მთელ სიმაღლეზე სამი პარალალური ვერტიკალური ლილვი დაუყვება (საფიქრებელია, რომ პილასტრის ქვა სხვა ნაგებობიდან არის გადმოტანილი, რადგან ჩრდილოეთი კედლის შესაბამისი პილასტრი სრულიად სხვანაირია). სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი ნახევარწრიული ნიშაა. თითოეული მათგანი მთლიან ქვაშია გამოკვეთილი.
წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესია
წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესია ჩრდილო-დასავლეთით დგას. დარბაზულია (8,5X5 მ), შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. შემორჩენილია ეკლესიის მხოლოდ მცირე ნანგრევები.
სხვადასხვა შენობათა ნაშთები
მონასტრის ეზოში სხვა ნაგებობთა ნაშთებიცაა, რომელთა გეგმადა დანიშნულება გაურკვეველია. აბულეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველ ნაგებობათა სხვა ფრაგმენტებიც, რომელთა ერთი ნაწილი ეკლესიების აგების დროს გამოუყენებიათ. საფიქრებელია, რომ ეს არქიტექტურული ფრაგმენტები ანტიკური ხანის ტაძრისაა, რომლის ადგილას ფეოდალურ ხანაში მონასტერი აუგიათ.
სვეტი
მცირე ეკლესიის სამხრეთ კედელთან დევს ქვიშაქვის კანელურებიანი სვეტი (სიგრძე 1,8მ, დიამეტრი ქვევით 0,4 მ, ზევით 0,35 მ); დასავლეთის კედელთან აღმოჩნდა ბაზალტის სვეტის ქვედა ნაწილი, ბაზისი და სვეტისთავი. სვეტი (დიამეტრი 0,52 მ) გლუვია. მისი ქვედა ნაწილი გაფართოებულია 0,07 მ-ის სიმაღლის საფეხურისებრი ზოლით. სვეტის ძირში გაკეთებულია ღრმული. ბაზისის სხვადასხვა დიამეტრის ლილვების მონაცვლეობის შედგენილი პროფილირებული ზედა ნაწილი დგას კვადრატულ საფუძველზე. ბაზისის ზედაპირზე, ცენტრში ამოჭრილი ღრმული შეესაბამება სვეტის ღრმულს. სვეტისთავს, რომელიც ორი პარალელური გლუვი ცილინდრული ძელაკისაგან შედგება, ბრტყელი ოთხკუთხა აბაკი აქვს.