აგუნა (დღესასწაული)
აგუნა - ქართველთა სახალხო დღესასწაული, მარნისა და ვენახის მეკვლეობის საახალწლო ჩვეულება დასავლეთ საქართველოში.
ვენახი, ვაზი ქართველებისათვის სამოთხე-სასუფევლის სახეა, ღვინის სმა კი — უკვდავებასთან, ქრისტესთან ზიარების ტოლფასი. მარანს, სადაც ზედაშე ინახებოდა, ეკლესიასავით აღიქვამდნენ. ამ იდეალის გამომხატველია ცნობილი მითოლოგემაც იაგუნდის მარანში ამოსულ ალვის ხეზე, რომელსაც ყურძენი ჰქონდა გამობმული. ახალ წელს მთელ საქართველოში საგანგებო „ვაზის ბედის კვერებით“, ღვინითა და სანთლით „უკვლევდნენ“ ვენახს. ასეთ მეკვლეობას გურიაში „აგუნას გადაძახილს“ ეძახდნენ; კალანდა საღამოს (ახალი წლის საღამოს) უფროსი კაცი ოჯახის წევრებთან ერთად ხაჭაპურით, ღორის თავით, ღვინიანი დოქით გაწყობილი გობითა და ანთებული თაფლის სანთლებით მარანში შედიოდა. შუა მარანში ჭურის თავზე დადგამდა გობს, ზედ სანთლებს დაამაგრებდა, გობს სამჯერ დაატრიალებდა წაღმა და დაილოცებოდა, ღვინოს დალევდა, ზედ ხაჭაპურსა და ღორის ხორცს დააყოლებდა. დანარჩენებიც ასევე დაილოცებოდნენ. ამას მოჰყვებოდა „აგუნას გადაძახება“. ყველანი საწნახელთან ჩამწკრივდებოდნენ. ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა თოხს ან ნაჯახს, ზოგჯერ ზურგზე პატარა ბიჭს შემოისვამდა და საწნახელს ყუით სცემდა, თან ხმამაღლა გასძახოდა: „აგუნა, აგუნა, გადმოიარე, ბახვი, ასკანა გადმოიარე! ჩვენს მამულში ყურძენიო, სხვის მამულში ფურცელიო“. ზოგჯერ საწნახელს ღორის თავსაც უკაკუნებდნენ. სიმღერა სამჯერ მეორდებოდა, დანარჩენები ბანს აძლევდნენ, ისინიც საწნახელს ჯოხს ურტყამდნენ. „აგუნას გადაძახება“ რომ მორჩებოდა, ყველანი ერთხმად გასძახებდნენ: „აგუნა, უუ“! ამგვარი გადაძახება გურიის ყველა სოფელში ერთდროულად იცოდნენ, ასე რომ, კალანდა საღამოს მთელი გურია „აგუნას გადაძახებაში“ იყო.
იმავე საღამოს „აგუნაზე სიარულიც“ იცოდნენ: 10–15 კაცი მოიყრიდა თავს. გაწყობილი გობით მეზობლის მარნებს ჩამოივლიდნენ, დაილოცებოდნენ, საწნახელს გამეტებით ურტყამდნენ და ერთხმად „აგუნა, უუ“-ს გასძახოდნენ. შემდეგ ღორის თავს მოთლიდნენ, ორ-ორ ჭიქა ღვინოს დალევდნენ და მეზობლის მარანში გადავიდოდნენ. ასეთი გამოვლის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში მოიყრიდნენ თავს და ილხენდნენ. „აგუნას გადაძახილი“ ვენახშიც სრულდებოდა. ახალი წლის დილით ოჯახის უფროსი მაღლართან მივიდოდა, ღორის თავს ჯოხს ურტყამდა და „აგუნას“ გაიძახოდა.
ვენახისა და მარნის „მოკვლევის“ მსგავსი წესი იყო სამეგრელოსა და ლეჩხუმშიც, იმ განსხვავებით, რომ სამეგრელოში საწნახელთან „ჯუჯელიას“ ახსენებდნენ, ლეჩხუმში კი – „ანგურას“. რაჭაში დიდ ხუთშაბათს, აღდგომის წინ, ვენახის ნაპირას კოცონს ანთებდნენ, ბიჭები გარშემო დარბოდნენ, ორ რკინას ერთმანეთზე ურტყამდნენ და გასძახოდნენ: „ანგურა, ანგურა, ჩვენს ვენახში გიდლა-გიდლა, სხვის ვენახში კიმპლა-კიმპლაო“. გავრცელებული მოსაზრებით, ტერმინ „აგუნას“ (ა. ლეკიაშვილი, ნ. აბაკელია) უკავშირებენ ჯგერაგუნას, ანუ წმ. მხედარს — წმ. გიორგის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ ეპითეტს. „აგუნას“ ეძახდნენ გურიაში ასევე საგანგებო მრგვალ კვერებს, რომლებსაც ახალ წელს ვაზზე გადატეხდნენ და იქვე მიირთმევდნენ.
გ. ჩინჩალაძე
ლიტერატურა
- აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997;
- ბარდაველიძე ვ., აგუნა, ანგურა, „ძეგლის მეგობარი“, 1968, #16;
- თოფურია ნ., ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, თბ., 1984.