არმატურა კომპოზიტური პოლიმერული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:38, 16 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმატურა კომპოზიტური პოლიმერული (აკპ) – წარმოადგენს კომპოზიტურ მასალას, რომელიც შედგება შემკვრელისა (სინთეზური პოლიმერი) და მაარმირებლისგან (ძაფისებრი ბოჭკოები).

რეკომენდებულია აკპ გამოყენება ძირითადად ისეთი კონსტრუქციების დაარმირებისათვის, რომელთაც მუშაობა უხდებათ აგრესიულ გარემოში. კონსტრუქციების დაარმირებისათვის გამოყენებული არმატურის სახეებია (რუსული ნორმების ГОСТ 31938-2012-ის მიხედვით): მინაკომპოზიტური (ამკ), ბაზალტკომპოზიტური (აბკ), ნახშირბადკომპოზიტური (ანკ), არამიდკომპოზიტური (ააკ) და ოპგანოპლასტიკური, ანუ კომბინირებული (აკკ).

აკპ-ით დაარმირებული კონსტრუქციების ძირითადი უპირატესობებია:

  • ხანგამძლეობა;
  • კოროზიამედეგობა;
  • ელექტრომაგნიტური ნეიტრალურობა და არმატურის დიელექტრიკული თვისებები;
  • არმატურის მაღალი სიმტკიცე და დაბალი კუთრი წონა;
  • დამზადების სიმარტივე სამშენებლო მოედანზე;
  • კონსტრუქციაში ჩანაჭერების ადვილკეთებადობა.

კომპოზიტური არმატურის ეფექტური გამოყენების სფეროებია:

  • ნაპირგამაგრებითი სამუშაოები;
  • საზღვაო და საპორტე ნაგებობები;
  • კანალიზაცია, მელიორაცია და წყალარინება;
  • საგზაო საფარი და შემოღობვა, მათ შორის ხიდების;
  • ქიმიური წარმოების ინფრასტრუქტურის ელემენტები;
  • ბეტონის ნაკეთობები დაუძაბავი და დაძაბული არმატურით (განათების ბოძები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და ტრავერსები; საგზაო და ტროტუარის ფილები, ღობის ფილები, ბოძები და საყრდენები; რკინიგზის შპალები; კოლექტორების, მილგაყვანილობების და ტრასისთანამდევი კომუნალური სისტემების ფასონური დეტალები;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სათავსები, რადიოგამჭვირვალე კონ-სტრუქციები, კონსტრუქციები, რომლებსაც მოეთხოვებათ მაგნიტური ველების არარსებობა;
  • დროებითი შენობები და ნაგებობანი ღიობებით, რომელიც კეთდება ადგილზე.

არმატურის სახეობა მიიღება კონსტრუქციის ექსპლუატაციის პირობების, დატვირ-თვის ხასიათისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით.

გაანგარიშება ეხება კონსტრუქციებს, დაარმირებულს კომპოზიტური პოლიმერული არმატურით (აკპ – არმატურა კომპოზიტური პოლიმერული).

კონსტრუქციები კომპოზიტური არმატურით გაანგარიშდება I და II ჯგუფის ზღვრული მდგომარეობის მეთოდით (შესაბამისად საანგარიშო და ნორმატიული დატვირთვე-ბის მოქმედებისას).

I ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობაში შედის გაანგარიშება:

- სიმტკიცეზე;
- ფორმის მდგრადობაზე (თხელკედლიანი კონსტრუქციები);
- მდგომარეობის მდგრადობაზე (ამოყირავება, გასრიალება, ამოტივტივება).

II ჯგუფის ზღვრული მდგომარეობაში შედის გაანგარიშება:

- ბზარწარმოქმნაზე;
- ბზარების გახსნაზე;
- დეფორმაციებზე.

გაანგარიშების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს:

1) სხვადასხვა საანგარიშო სიტუაციები, კერძოდ: დამზადების, ტრანსპორტირების, აგების, ექსპლუატაციის, ავარიის, ხანძრის სტადიები;
2) ძალოვანი ფაქტორები – მღუნავი და მგრეხი მომენტები, გრძივი და განივი ძალები, აგრეთვე ადგილობრივი (შეყურსული) დატვირთვები.

ასაწყობი კონსტრუქციების გაანგარიშებისას აწევის, ტრანსპორტირების, მონტაჟისა და მისი მასის გათვალისწინებით, დინამიკურობის კოეფიციენტის მნიშვნელობა მიიღება: 1,6 – ტრანსპორტირებისას; 1,4 – აწევისა და მონტაჟისას. დასაშვებია ამ კოეფიციენტების სიდიდის შემცირება, მაგრამ არანაკლები 1,25-ისა.

ზოგადად, კონსტრუქციები კომპოზიტური არმატურით გაანგარიშდება ნორმალური (მღუნავი მომენტისა და გრძივი ძალის გათვალისწინებით), დახრილი (განივი ძალე-ბის გათვალისწინებით), სივრცითი (მგრეხი მომენტების გათვალისწინებით) კვეთების და ადგილობრივად მოქმედი (ადგილობრივი კუმშვა, ჩაჭყლეტა) დატვირთვების მიხედვით.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები