ასტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:14, 20 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტორი – წყაროთგორის (თუშეთში) დეკანოზი იყო ასტორი. ამბობენ, სამი წლისა გაუჩინარებულიყო დანოდან. სამი წლის ბალღს თოვლში ფეხშიშველა პერანგის ამარა უვლია. უძებნიათ და ლაშარის ჯვართან, ჩიღოს თავში უპოვნიათ. ვიღაცეებს დაუნახავთ, პატარა ნისლის კოტორი დანოდან ლაშარისკენ მიმავალი. ხანდახან იმ ნისლში ბავშვი გამოჩნდებოდაო. ამის შემდეგ გამხდარა ასტორი ლაშარის ყმა და მსახური (ხელოსანი).

ამბობენ, რომ აშტოდან წყაროთგორამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და იქიდან კიდევ ასტორამდე. ერთხელ შუა ზამთარს შიშველა მთა-მთა წასულიყო ასტორი ლაშარში. პირველად სოფელს ვერ გაეგო, თუ სად წავიდა, მაგრამ მერე ლაშარიდან დაბრუნებულა უკან. ის ასტორი თურმე ძალზე წმიდად ინახავდა თავს, არც ცოლი შეურთავს – ლაშარის ჯვარმა ამიკრძალაო. ამბობდა, ცხადად მეცხადება ლაშარის ჯვარი და ყველაფერს მიამბობსო. მაგრამ მის ნაამბობს ხალხს არ უმხელდაო.

ერთხელ ასტორი დამწყალობების (დალოცვის) დროს ლაშარში დამუნჯებულა. საბრძანებელიდან გარეთ რომ გამოსულა, ენა ამოუდგამს და უთქვამს, რომ ლაშარის ჯვარი აქ არ იმყოფება და მე დალოცვის ნება არა მაქვსო. ცოტა ხანი რომ გავიდა, მლოცველებს გაუგონიათ ცხენის თქარუნის ხმა და აბჯრის ჟღრიალი. მერედა უთქვამს ასტორს, ლაშარის ჯვარი მოვიდა და ახლა უკვე შემიძლია დამწყალობებაო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები