ახალი კლასიკური მაკროეკონომიკა
ახალი კლასიკური მაკროეკონომიკა - (new classical macroeconomics) - არსებითად ორთოდოქსული კლასიკური ეკონომიკური თეორია, რომელიც ეყრდნობა იმ შეხედულებას, რომ რაციონალური მოლოდინის შეთანაწყობა უმუშევრობის ბუნებრივი ნორმის კონცეფციასთან ბაზრების ეფექტიანი გაწმენდის შედეგია. ამ თეორიის მიხედვით, ეკონომიკა მყარ მდგომარეობაშია უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში, ხოლო ცდა იმისა, რომ დაირღვეს ეს წონასწორობა, მაგალითად, უმუშევრობის მის ბუნებრივ დონეზე ქვემოთ შემცირების შემთხვევაში, ადვილად ნეიტრალიზდება ეკონომიკური აგენტების მიერ. ნებისმიერი ცდა წარმოებისა და დასაქმების სტაბილიზაციისა ფისკალურ-საკრედიტო პოლიტიკის გამოყენებით არაეფექტიანია და ვერ ახდენს როგორც მოკლე-, ისე გრძელვადიან გავლენას რეალური ცვლადების მნიშვნელობაზე. ამ პოზიციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს არჩევა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის მოკლევადიან პერიოდშიც კი. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ეკონომიკური მეცნიერების ეს მიმართულება მონეტარიზმის განვითარებაა. მისი არგუმენტები განსხვავდება ისეთი ცნობილი მონეტარისტების დასკვნებისაგან, როგორიც მ. ფრიდმენია. ფრიდმენის აზრით, მოთხოვნის მართვის პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი გადახრა წარმოების მოცულობისა და უმუშევრობის ბუნებრივი დონიდან. ახალი კლასიკური მაკროეკონომიკა ცდილობს დაასაბუთოს მოთხოვნის მართვის კეინზიანური პოლიტიკის არაეფექტიანობა და ყურადღება გადაიტანოს მიწოდების ეკონომიკურ თეორიაზე.