ბაზარი
ბაზარი - სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი, ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლა-გამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს.
საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრები და შესაბამისად, მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე. საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო.
ბაზარი ძველ საბერძნეთში
ბაზარი ძველ საბერძნეთში არა მარტო სავაჭრო გარიგებების ადგილი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრიც იყო. ბაზრის მოედანი ანტიკური ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ჰომეროსის ეპოქის ღია, დაუგეგმავად გაშენებულ ბერძნულ აგორაზე რელიგიური კულტმსახურება, სახალხო კრებები და სასამართლო იმართებოდა. ძვ. წ. V საუკუნიდან ბაზარი თანდათანობით (პირველად მცირე აზიის ქალაქებში) პროპილეებიანი კოლონადით გარშემორტყმული სიმეტრიული მოედანი გახდა.
მთავარი ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე რომაული ფორუმიც, ელინისტური ქალაქების საბაზრო მოედნების მსგავსად, ტაძრებით, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებით, შადრევნებით, ორატორების ტრიბუნებით, ქანდაკებებითა და პორტიკებით შემკული მოედანი იყო. ადრიდანვე (ამას ჯერ კიდევ არისტოტელე მოითხოვდა) ცდილობდნენ სახალხო კრებების ჩატარებისა და პროდუქტების გასაყიდი საბაზრო მოედნები (ე.წ. რომაული მაკელუმი) ერთმანეთისაგან გაემიჯნათ.
არქეოლოგიური გათხრებისას ბევრი ბაზრის კვალი იქნა აღმოჩენილი ათენში, მილეტში, რომსა და პომპეიში.
ბაზარი (ეკონომიკა)
(market) - საბაზრო ეკონომიკაში კვლავწარმოების მთელი პროცესის მომცველი ფენომენი, ეკონომიკური სივრცე, სადაც თვითრეგულირების მექანიზმის საფუძველზე ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის. იგი ჰორიზონტალური კავშირების განვითარების საფუძველზე გამორიცხავს ადმინისტრაციულ ჩარევას ფასწარმოქმნასა და რესურსების განაწილებაში, რითაც საგრძნობლად ამარტივებს მმართველობის იერარქიულ ვერტიკალურ სტრუქტურას.
ბაზარი გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება. მისთვის დამახასიათებელია: ა) საკუთრების პლურალიზმი და მეურნეობის მრავალფეროვნება; ბ) მწარმოებელთა დამოუკიდებლობა და მათი ეკონომიკური პასუხისმგებლობა; გ) მეწარმეობაში რეგლამენტაციის არქონა, რაციონალიზმი კონტრაჰენტის არჩევაში და სხვ.
ბაზარი, რომელიც შრომითიმოტივაციის ეფექტიან სისტემას ქმნის, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების გაერთიანების მოქნილი მექანიზმია. საბაზრო კონკურენციის მონაწილის მამოძრავებელი სუბიექტური მიზანი - მაქსიმალური მოგების მიღება, ბაზრის «უხილავი ხელით», საბოლოო ანგარიშით, ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ინტერესებზე და აყალიბებს ობიექტურ კანონზომიერებებს, რომლებიც გამოხატულებას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში პოვებს. განასხვავებენ კერძო და ტერიტორიულ ბაზრებს. კერძო ბაზრები იყოფა საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის ბაზრებად. ტერიტორიული საზღვრების მიხედვით განასხვავებენ ადგილობრივ, ეროვნულ და მსოფლიო ბაზრებს. ამათგან თითოეულს ახასიათებს სპეციფიკური თავისებურებები, რომელთა გათვალისწინებასაც მაკროეკონომიკური რეგულირებისა და ცალკეული ფირმის საბაზრო სტრატეგიის შემუშავებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების თანამედროვე დონე, ფართომასშტაბიანი წარმოების უპირატესობები, მაღალტექნოლოგიური და არაერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების სახეობების განსაკუთრებული სიმრავლე, ეკონომიკური კავშირებისმრავალფეროვნება და ა.შ. განაპირობებს ბაზარზე კონკურენციის მოდიფიკაციას.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი;
- დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.