ბელარუსი
ბელარუსი - (ბელარუსის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთით ესაზღვრება პოლონეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ლიტვა, ჩრდილოეთით - ლატვია, ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ღმოსავლეთით - რუსეთი, სამხრეთით - უკრაინა. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ფართობი 207,6 ათ. კმ2. მოსახლეობა 9,70 მლნ. კაცი (2012), 80% - ბელარუსები, 13% - რუსები, 4% - პოლონელები. ოფიციალური ენა - ბელორუსული, რუსულ ენას მინიჭებული აქვს ბელორუსულთან თანაბარი სტატუსი. დედაქალაქი - ქ. მინსკი. ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება (ორპალატიანი პარლამენტი). 1990 წლის 27 ივლისიდან ბელარუსის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. ბელარუსი ინდუსტიულ-აგრარული ქვეყანაა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, (ტრაქტორმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობა, ზუსტი ხელსაწყომშენებლობა და სხვა), ქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი და კვების პროდუქტების მრეწველობა, ბამბეულის წარმოება. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია - მეცხოველეობა, კარტოფილის, ხორბლის, შაქრის ჭარხლის, ბოსტნეულის მოყვანა. საერთაშორისო აეროპორტი - მინსკი-2. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 60 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები - 29,6 ათ., სამხედრო-საჰაერო - 18,1 ათ., სასაზღვრო და შინაგანი ჯარები. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017