ბეტონის ტემპერატურული დეფორმაცია
ბეტონის ტემპერატურული დეფორმაცია – ბეტონის ნაკეთობის ფორმისა და მოცულობის ცვლილება ტემპერატურის გავლენით. ბეტონი გახურებისას ფართოვდება და გაცივებისას იკუმშება. ბეტონის წრფივი გაფართოების ტემპერატურული კოეფიციენტი საშუალოდ შეადგენს 10∙10–6. მისი სიდიდე იცვლება და დამოკიდებულია შემვსებისა და შემკვრელის თვისებაზე, ბეტონის შედგენილობაზე. ბეტონში ცემენტის ქვის შემცველობის ზრდით კოეფიციენტი იზრდება. მაგ., ცემენტის ქვის გაფართოების კოეფიციენტი α = 13,1∙10–6, 1:3 შედგენილობის დუღაბის – α = 10,4∙10–6. კოეფიციენტზე გარკვეულ გავლენას ახდენს შემვსების სახეობა. გრანიტის ღორღზე დამზადებული ბეტონის ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი α = 9,8∙10–6, კერამზიტის ბეტონის – α = 7,4∙10–6, ხოლო კირქვის ბეტონის – α = 8,6∙10–6. ტემპერატურის ცვლილება 0-დან 50°C-მდე უმნიშვნელოდ მოქმედებს მშრალი ბეტონის გაფართოების კოეფიციენტზე. ტენიანი ბეტონის ტემპერატურულ დეფორმაციას თან ერთვის შეკლება ან გაფართოება. წყლით გაჟღენთილი ბეტონის გაყინვისას მის დეფორმაციაზე დიდ გავლენას ახდენს ფორებში ყინულის წარმოქმნა, რის შედეგადაც კუმშვის დეფორმაციის ნაცვლად შეიძლება წარმოიქმნას გაფართოების დეფორმაცია, რომელსაც იწვევს ყინულის წნევა. ბეტონის ტემპერატურული დეფორმაცია ახლოსაა ფოლადის დეფორმაციასთან, რაც უზრუნველყოფს მათ საიმედო ერთობლივ მუშაობას რკინაბეტონის კონსტრუქციებში.