ბრაზილია
ბრაზილია - (Republica Federativa do Brazil ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. ესაზღვრება: საფრანგეთის გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ,ბოლივია, პარაგვაი, არგენტინა და ურუგვაი. აღმოსავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე. ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქვეყანაა. ფართობი 8512 ათ. კმ2, მოსახლეობა 195,4 მლნ. კაცი (2012). დედაქალაქი - ქ. ბრაზილია. ოფიციალური ენა - პორტუგალიური. ადმინისტრაციულად იყოფა 26 შტატად და ფედერალურ (დედაქალაქის) ოლქად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი). დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1822 წლის 7 სექტემბერს. ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკური პოტენციალის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის უმსხვილეს ქვეყანას წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. განსაკუთრებით განვითარებულია მანქანათმშენებლობა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ხომალდებს, რაკეტებს, საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს. ძირითადი საზღვაო პორტებია: ბელენი, ვიტორია, რესიფი, სანტუსი, რიო-დე-ჟანეირო, პორტუ-ალეგრი, რიუ-გრანდი, ფორტალეზა. ქვეყანას აქვს 10 საერთაშორისო აეროპორტი. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 318,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 190 ათ., სამხედრო-საჰაერო 69,4 ათ. და სამხედროსაზღვაო 59 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.