დასაშლელ-გადასაყენებელი მსხვილფაროვანი ყალიბი
დასაშლელ-გადასაყენებელი მსხვილფაროვანი ყალიბი − ყალიბი, რომელიც მზადდება მაღალი მზიდუნარიანობის კარკასული ფარებისაგან. ფარი შედგება ფოლადის ან ალუმინის მზიდი ჩარჩოს, სიხისტის წიბოებისა და შეცვლადი საყალიბე ფილისაგან, რომელიც, როგორც წესი, არის წყალმედეგი დაბაკელიტებული ფანერა (ან მერქნის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა ფილა, ალუმინი, მინაპლასტიკი, ქაფპროპილენისა და ალუმინის სამფენოვანი ფილა და სხვ.). ფარების დაკომპლექტება ხდება სწრაფად ასაწყობი (დასაშლელი) ელემენტებითა და ინვენტარული დგარებით, ირიბებით, სასიარულო ბოგირებით და მოაჯირებით. სიხისტის წიბოებით გაძლიერებული კარკასი საშუალებას იძლევა, აღარ გამოვიყენოთ დამატებითი დამჭერი ელემენტები (ბეტონის ჩასხმისას წარმოშობილი ჰორიზონტალური ძალების მისაღებად). ასეთი ყალიბების მონტაჟი და დემონტაჟი ხორციელდება ამწე მექანიზმების მეშვეობით.