დოლის პური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოლის პური - ხორბლის მთელი ჯიშობრივი სიმდიდრიდან, რომელიც საქართველოში საუკუნეთა მანძილზე შეიქმნა, განსაკუთრებით ძვირფასია რბილი ხორბლის საშემოდგომო ფხიანი წვრილმარცვლიანი ჯიშები, ე.წ. „დოლის პური“. ეს ჯიშები საქართველოში ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული.

ქართველი მიწათმოქმედებისათვის ცნობილია:

  • ახალციხის წითელი დოლის პური;
  • ჯავახეთის დოლის პური;
  • ქართლის დოლის პური;
  • შინდური დოლი;
  • წითელი დოლი;
  • კახური დოლი და სხვ.

(ნასყიდაშვილი და სხვ., 1983; ბრეგაძე, 2004; Jorjadze et al., 2014; გოცაძე, მაისაია 2015).

ლ. დეკაპრელევიჩის (1947) მონაცემებით, წითელი დოლი ადგილობრივი ჯიში იყო ქართლში. ახალციხის წითელი დოლი ძირითად ჯიშად არის მითითებული ადიგენის, ასპინძის, ახალციხის რაიონებისათვის; ქართლის შავფხა - ქართლში; გომბორულა (პოშოლა, პროშოვა), - ბოლნისის, თეთრი წყაროს, გურჯაანის რაიონებისათვის; ლაგოდეხის გრძელთავთავა - ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებისათვის; იფქლი - დასავლეთ საქართველოში, ამბროლაურის, ონისა და ცაგერის რაიონების დაბლობი ნაწილისათვის; ხულუგო - დასავლეთ საქართველოსთვის; ჯავახეთის დიკა - ახალქალაქის ზეგნისათვის, ახალქალაქის, ასპინძის, ბოგდანოვკის რაიონებისათვის; ქართლის დიკა - ქართლისა და ნაწილობრივ კახეთისათვის (დეკაპრელევიჩი, 1947); რაჭულა და ლაგოდეხის გრძელთავთავა - ლაგოდეხი-ყვარლის ბუნებრივი პირობებისათვის იყო მისადაგებული (კობახიძე, 1948).

მთხრობელთა გადმოცემით, „...ახალციხის რ-ში წითელი დოლის პური ითესებოდა გაზაფხულზე. ხის კავით მოიხვნებოდა მიწა; ამ კავის ადგილობრივი სახელწოდებაა „ჯილღა“. იყენებდნენ სახნავად, აგრეთვე, „არონას“. მოსავალს ცელით იღებდნენ. ლეწავდნენ კალოზე კევრით, კევრი დამზადებული იყო ხისაგან, ქვემოდან ჰქონდა კაჟები. ლეწავდნენ ხარებით. გალეწილს გაამშრალებდნენ, გაანიავებდნენ და ინახავდნენ „ამბრებში“, რომლებიც დამზადებული იყო ხისაგან. მოსავალს ახარისხებდნენ საკვებად და საფურაჟედ ცხოველებისათვის“ (ახალციხის რ-ნი, სოფ. აწყური, მთხრ. გ. ზედგინიძე 2014 წ).

დოლის პური მესხეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია, როგორც აქაური ხალხის ერთ-ერთი ძირითადი საზრდო და სარჩენი, „ჩვენი მამა-პაპური პური“ (ბერიაშვილი, 1973).

დოლის პურს ფშავში „წმინდას“ უწოდებდნენ. მიწას ხნავდნენ ხის კავით. მოხნულ მიწაზე იმავე დღეს თესავდნენ, თესლი მიწაში „დაყივდებოდა“ (ღივს ამოიტანდა - ამოჯეჯილდებოდა), მუხლში შევიდოდა და „დაორსულდებოდა“. ამის შემდეგ პური დამწიფებას იწყებდა. დამწიფებულ პურს ან ხელით გლეჯდნენ ან ნამგლით მკიდნენ. ხელით პურის გლეჯას მაშინ მიმართავდნენ, როცა ყანა ძალზე დაბალი იყო. ყანის გლეჯის დროს, ხელის დაზიანებისაგან დასაცავად „ხის სათითებს“ იკეთებდნენ სამ თითზე. ყანის მკელი ხელზე იცმევდა „სამკლავეებს“, რომელიც ტილოსაგან ყოფილა ამოკერილი. უხმარიათ ტყავის ან სელის წინსაფარიც. მკას იწყებდნენ მიწის ქვედა მხრიდან და თანდათანობით მაღლა მიდიოდნენ. მომკილი ორი ხელეური ერთ ძნად იკვროდა. ძნას ფშავში “მაჭლეურს” უწოდებდნენ. ვინაიდან პურეული სრულ სიმწიფეს ვერ ასწრებდა, ამიტომ ახალშეკონილ ძნებს ისეთნაირად ალაგებდნენ, რომ ნიავს გამოეშრო ძნა. ძნებს ალაგებდნენ ხუთ-ხუთად, რასაც „ხადურას“ და ზოგ სოფელში „ხუთულას“ უწოდებდნენ. „ხუთულას“ შესატყვისად „მელეურსაც“ ამბობდნენ. გამოშრობის შემდეგ ლეწავდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა ხორბლის სათესლე მასალის შერჩევას, რაც მოსავლის აღებისთანავე ხდებოდა და ცალკე “კოდში” ინახავდნენ (ჯალაბაძე, 1963, 1986).

ქართული დოლის პური ქართველი მიწათმოქმედების პირმშოა. დოლის პური შესანიშნავი იყო იმითაც, რომ კარგად მოდიოდა ურწყავშიც და სარწყავშიც.

დოლის პური ჩვენში კევრით ილეწებოდა და ნამჯა-ბზედ და ბრელედ იქცეოდა. აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში ნამჯა-ბზე საქონლის ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო. იგი სახელწიფო გადასახადთა ნუსხაში შედიოდა. ბზეს ცოტაოდენი მარცვალიც მიჰყვებოდა გალეწვის შემდეგ, რაც ბზის ყუათიანობას ზრდიდა (კეცხოველი, 1957).

ზემო სვანეთში დოლის პურს იყენებდნენ ძირითადი რიტუალების შესრულების დროს. ყველა ოჯახს ჰქონდა პატარა ტილოგადაკრული გოდორი „ლალაშ“. როდესაც ოჯახის დიასახლისი რომელიმე ეკლესიაში სალოცავად შედიოდა, ამ გოდორში ძირს ჯერ ფქვილს ჩაყრიდა, შემდეგ მოზელილ ცომს დებდა რიტუალური კვერებისათვის, რომელთაც ეკლესიაში აცხობდნენ. გამოცხობის შემდეგ შეულოცავდნენ, რომ ოჯახში ყოფილიყო სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიმრავლე; ღმერთს შესთხოვდნენ აგრეთვე საქონლის დაცვას ნადირისაგან. დოლის პურის დასათესად პირველად ნაკვეთს შეარჩევდნენ, შემოდგომაზე მარხილზე დადგმული ჩელით გაჰქონდათ ნაკელი. ნაკელს ერთი-ორი კვირით ადრე გაშლიდნენ, მერე მოხნავდნენ ხის კავით, სვანურად _ “ღენწიშით”. ხვნის დამთავრების შემდეგ დასათესად გამზადებულ ხორბალს პატარა ტილოგადაკრულ გოდორში ყრიდნენ. გოდორს ჩამოსაკიდი თოკი ჰქონდა მობმული. მთესავი ამ თოკში გაჰყოფდა მარცხენა ხელს და გოდორი მარცხენა მხარეს, ბარძაყზე მიყრდნობილი ეკავა. ხოლო მარჯვენა ხელით ხორბალს თესავდა. მთესველი ძირითადად ხანში შესული მამაკაცი იყო. ის ამ საქმეში ისე იყო დახელოვნებული, რომ ერთ მარცვალს ზედმეტად არ გადააგდებდა. თესვის შემდეგ ხარებში შებმული ფოცხით (სვანურად “ლაჭადირ”) კარგად მოფოცხავდნენ. ფოცხს ბოლოში კუნელის დიდი ეკლიანი ტოტები ჰქონდა დამაგრებული, რაც ხელს უწყობდა ბელტების დაფშვნას და სარეველების ამოგდებას. ხვნის დროს უკან მთოხნელიც მიჰყვებოდა, რომელიც ხნულიდან სარეველებს ჰყრიდა და ბელტებსაც აქუცმაცებდა (გირგვლიანი, 2010).

წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები