თამარის სამოთხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარის სამოთხე – თავდაპირველად თამარ დედოფალს ტახტი იალბუზის მთაზე ედგა. მის სამეფოში მარადიული ზაფხული იყო, ზამთარი არ იცოდა. თოვლი არ მოდიოდა არც მთაზე, არც ბარში. მთელ წელიწადს განუწყვეტლივ გაისმოდა გუგულის ხმა; ერთი პირი ხეხილი რომ ყვაოდა, მეორე მწიფდა და ასე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მთელ წელიწადს. ჟამიდან ჟამზე თამარი ჩავიდოდა ხოლმე ბარად თავისი სამეფოს მოსახილველად და ისევ უკან ბრუნდებოდა. მაგრამ უმეტეს ნაწილს მთაზე თავის სასახლეში ატარებდა, საიდანაც მთელი ქვეყნიერება ხელისგულივით ჩანდა.

თამარის მარადიულ სამეფოში არც სნეულება იყო, არც სიკვდილი, რადგან დრო არ გადიოდა. ასე იმიტომ იყო, რომ თამარს დრო-ჟამისა და ზამთარ-ზააფხულის გამჩენი შუქურვარსკვლავი, სხვანაირად ცისკრის ვარსკვლავი ჰყავდა დატყვევებული.

ერთხელაც, როცა თამარმა ბარში ჩასვლა მოისურვა, სასახლის მცველად თავისი ერთგული მსახური დატოვა და დაარიგა: შენ გაბარებ მთელ სასახლეს. აჰა, თორმეტი ოთახის კლიტე. ყველა ოთახის გაღება შეგიძლია, გარდა მეთორმეტისა. მეთორმეტე ოთახი არაფრით არ გააღოო. თამარს სწორედ ამ მეთორმეტე ოთახში ჰყავდა გამომწყვდეული ფრთიანი სულღუმი (ზღაპრული უცხო ფრინველი).

ჩავიდა ბარად თამარი და დარჩა მისი სასახლე მსახურის ანაბარა. მსახური ცნობისმოყვარეობამ აიტანა, ნეტავ რა არის იმ მეთორმეტე ოთახში დამალულიო? რატომ ამიკრძალა დედოფალმა მისი გაღებაო. ვერ მოითმინა და სულ პირველად სწორედ ამ აკრძალული ოთახის კარი გააღო. გაიღო თუ არა კარი, გამოფრინდა იქიდან სულღუმი და ცაში გაუჩინარდა. ცა მოიღრუბლა, ქარიშხალი ატყდა, მოვიდა ქარბუქი და თოვლმა დაფარა მთელი მთა სასახლითურთ. მსახური მიხვდა, თუ რატომ უკრძალავდა დედოფალი მეთორმეტე ოთახის გაღებას, მაგრამ რა ეღონა? გვიანღა იყო სინანული.

თამარი ამ დროს ეკლესიას აშენებდა ბაღდადში. შენობას ჭერიღა აკლდა, რომ კალატოზებმა მოახსენეს: დედოფალო, ქვებს ჭირხლი მოეკიდა და ვეღარ ვეწევითო. თამარი მიხვდა, რომ მსახურმა აკრძალვა დაარღვია, და წამსვე გასწია მთისკენ. როცა იალბუზის კალთებთან მივიდა, დაინახა თოვლით გადალესილი მთა, სასახლეც არ ჩანდა. თამარმა ვეღარ შეძლო მთაზე ასვლა და დარჩა ბარად. და დაიწყო დრო-ჟამმა დინება. ამიერიდან დღემდე ზაფხულს შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას – ზამთარი, ზამთარს – გაზაფხული და ასე ბრუნავს წელიწადი, ერთმანეთს ენაცვლებიან წელიწადის დროები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები