თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:41, 22 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი. იგი გაიხსნა თბილისში 1851 9 ნოემბერს (შენობა – ე. წ. „ქარვასლის თეატრი“ აიგო არქიტექტორ ჯ. სკუდიერის პროექტით, ინტერიერი მოხატა გ. გაგარინმა) იტალიური საოპერო დასის სპექტაკლით – გ. დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმურით“. იტალიური დასი თბილისში თითქმის 30 წლის მანძილზე მუშაობდა და მრავალი საოპერო დადგმა განახორციელა. 1880-იდან თეატრის სცენაზე გამოდიოდა რუსული საოპერო დასი.

1874 თეატრის შენობა დაიწვა და 22 წლის მანძილზე წარმოდგენები იმართებოდა „საზაფხულო თეატრში“ (ე.წ. „ინჟინერთა ბაღში“). 1896 გაიხსნა ახალი შენობა – „სახაზინო თეატრი“ (არქიტეტქორი ვ. შრეტერი). პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“. თეატრის რეპერტუარში იყო როსინის, ბელინის, დონიცეტის, ვერდის, პუჩინის, ობერის, მეიერბერის, მოცარტის, ბიზეს, გუნოს, ვაგნერის, ლეონკავალოს, მასკანისა და სხვ. ოპერები.

1884-93 თეატრში დირიჟორობდა კომპოზიტორი მ. იპოლიტოვ-ივანოვი, რომლის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო თეატრის საოპერო ხელოვნების დონის ამაღლებას. დაიდგა ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, აგრეთვე სხვა რუსი კომპოზიტორების ოპერები. ამ პერიოდში საოპერო დასში მღეროდნენ ქართველი და რუსი მომღერლები: ფ. ქორიძე, მ. ბალანჩივაძე, მოგვიანებით კი 1910-20-იან წლებში ვ. სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ზარუდნაია, ო. პოპოვა. აქ შედგა თ. შალიაპინის დებიუტი და მომდევნო სწრაფი არტისტული წინსვლა.

AfiSa.jpg

10-20-იან წლებში მღეროდა ლ. სობინოვი, უფრო გვიან ფ. მუხტაროვა და სხვ. თეატრმა ეროვნული სახე მიიღო 1919-იდან, როცა დაიდგა ქართველ კომპოზიტორთა ოპერები: ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე.“ თეატრი ქართული მუსიკალური კულტურის ცენტრად იქცა.

ქართული რეპერტუარის მომდევნო მნიშვნელოვანი დადგმებია: ოპერები: ფალიაშვილის „დაისი“ (1923), და „ლატავრა“ (1928), მ. ბალანჩივაძის „თამარ ცბიერი“ (1926), ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“ (1940), შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“ (1940), ი. ტუსკიას „სამშობლო“ (1941), გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“ (1941), ი. გოკიელის „პატარა კახი“ (1943) და „წითელქუდა“ (1958), ა. მაჭავარიანის „დედა და შვილი“ (1945), ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“ (1946), შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946) და „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ა. ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1950), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958), ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961), „სამი ნოველა“ (1967), „მთვარის მოტაცება“ (1977), რ. ლაღიძის „ლულა“ (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა,“ (1983), და „კოლხთა ასული“ (1997), მ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984). ბალეტები: ა. ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ („მთების გული“, 1936, პირველი ქართული ბალეტი), შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1937), გ. კილაძის „სინათლე“ (1947 სსრკ სახ. პრემია), დ. თორაძის „გორდა“ (1949 სსრკ სახ. პრემია), ს. ცინცაძის „ცისფერი მთების საუნჯე“ (1956), „დემონი“ (1961), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957, დამდგმელსა და ოტელოს როლის შემსრულებელს ვ. ჭაბუკიანს მიენიჭა ლენინური პრემია, 1958), რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“ (1971) და „მედეა“ (1978) და სხვ.

თბილისის ოპერა, ღია ბარათი

თეატრში დაიდგა მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკის მრავალი ნიმუში. 1937 თეატრმა დიდი წარმატებით მიიღო მონაწილეობა ქართული ხელოვნების I დეკადაში მოსკოვში, ამავე წელს თეატრს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელი. ასეთივე წარმატებული იყო II დეკადა (1958). 1969 ქუთაისში გაიხსნა თეატრის ფილიალი. თეატრმა არაერთგზის გამართა გასტროლები საზღვარგარეთ. 20-იანი წლებიდან დაწყებული თეატრში მოღვაწეობდა მრავალი ქართველი დირიჟორი, რეჟისორი, ბალეტმაისტერი, ქორმაისტერი, მხატვარი, აღიზარდა და დაწინაურდა შესანიშნავ მომღერალთა არაერთი თაობა. მათ შორის არიან დირიჟორები: ი. ფალიაშვილი, ს. სტოლერმანი, ა. მელიქ-ფაშაევი, ე. მიქელაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ო. დიმიტრიადი, გ. კილაძე, დ. მირცხულავა, ზ. ხუროძე, ვ. ფალიაშვილი, გ. და ზ. აზმაიფარაშვილები, ჯ. კახიძე, რ. ტაკიძე და სხვ.

რეჟისორები: კ. მარჯანიშვილი, ს. ახმეტელი, ა. წუწუნავა, შ. აღსაბაძე, მ. კვალიაშვილი, ა. ჩხარტიშვილი, ვ. ტაბლიაშვილი, გ. ჟორდანია, რ. სტურუა, გ. მელივა და სხვ.

ბალეტმაისტერები: დ. ჯავრიშვილი, ვ. ჭაბუკიანი (მთავარი ბალეტმეისტერი 1941–72), მ. ლავროვსკი, გ.ალექსიძე;

მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, დ. კაკაბაძე, ი. გამრეკელი, ს. ქობულაძე, დ. შევარდნაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, ს. ვირსალაძე, კ. კუკულაძე, ი. ასკურავა, ფ. ლაპიაშვილი, ი. სუმბათაშვილი, გ. ალექსი-მესხიშვილი, თ. მურვანიძე, უ. მალაზონია და სხვ.; ქორმაისტერები: პ. ფალიაშვილი, ე. ტერიშვილი, გ. ბუხრიკიძე, ა. განუგრავა, ა. ჩხენკელი, გ. ფარჩუკიძე, და სხვ.

ფართო აღიარება მოიპოვეს ვ. სარაჯიშვილისა და ს. ინაშვილის მომდევნო თაობების წარმომადგენლებმა, მომღერლებმა: დ. და ნ. ანდღულაძეებმა, პ. და მ. ამირანაშვილებმა, ნ. ქუმსიაშვილმა, დ. ბადრიძემ, დ. გამრეკელმა, მ. ნაკაშიძემ, ნ. ხარაძემ, ე. გოსტენინამ, ლ. გოცერიძემ, ბ. კრავეიშვილმა, ზ. ანჯაფარიძემ, ლ. ჭყონიამ, ც. ტატიშვილმა, ზ. სოტკილავამ, მ. ქასრაშვილმა, ლ. კალმახელიძემ, ო. კუზნეცოვამ, ე. გეწაძემ, გ. ასათიანმა, თ. გურგენიძემ, მ. დავითაშვილმა, მ. მაღლაფერიძემ, რ. ლაგვილავამ, ო. ხოფერიამ, რ. კაკაბაძემ, ჯ. მდივანმა, ა. ხომერიკმა, თ. გუგუშვილმა, მ. თომაძემ, პ. ბურჭულაძემ, და მრავალმა სხვა შესანიშნავმა მომღერალმა.

დიდია აღმზრდელების – პიანისტ-კონცერტმაისტერების რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა დამსახურება, როგორებიც არიან: მ. ანდრონიკაშვილი, ტ. დუნენკო, ი. გორდონი, ი. სალაყაია, დ. მახაშვილი და ბევრი სხვა.

ფართო აღიარება მოიპოვეს ბალეტის მსახიობებმა: ვ. ჭაბუკიანმა, ზ. კიკალეიშვილმა, ლ. გვარამაძემ, ი. ალექსიძემ, ვ. წიგნაძემ, მ. ბაუერმა, ლ. მითაიშვილმა, ი. ჯანდიერმა, რ. მაღალაშვილმა, ბ. მონავარდისაშვილმა, თ. სანაძემ, ახალგაზრდული თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლებმა ნ. ანანიაშვილმა, აგრეთვე ნ. ცისკარიძემ, ი. ნიორაძემ და სხვ. თეატრს გამართული აქვს გასტროლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: რუსეთში (მრავალგზის), პოლონეთში (ლოძი 1969), იტალიაში (ბუსეტო 1991), საბალეტო დასავლეთ-სამხრეთ ამერიკაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ინგლისში და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები