თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი. 1847 წლის 15 აპრილს საფუძველი ჩაეყარა ე.წ. „ქარვასლის თეატრს“. თეატრის აგების ერთ-ერთი მომხრე კავკასიის იმდროინდელი მეფისნაცვალი, გენერალ ადიუტანტი, გრაფი მიხეილ ვორონცოვი იყო. თბილისის ცენტრში, ერევნის მოედანზე გაბრიელ ივანეს ძე თამამშევს უსასყიდლოდ გადაეცა მიწა, რომელზეც საკუთარი ხარჯით ააგო ორსართულიანი შენობა. ერთ ნაწილში თეატრი განთავსდა და გადაეცა ქალაქს. მეორე ნაწილში კი ქარვასლა იყო, რომელსაც თავად განკარგავდა. შენობის პროექტი შექმნა ოდესიდან მოწვეულმა იტალიელმა არქიტექტორმა, ჯოვანი სკუდიერიმ. 1851 წლის გაზაფხულზე შენობა მზად იყო. ინტერიერი მოხატა გრიგოლ გაგარინმა.
იგი გაიხსნა თბილისში 1851 9 ნოემბერს იტალიური საოპერო დასის სპექტაკლით – გ. დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმურით“. იტალიური დასი თბილისში თითქმის 30 წლის მანძილზე მუშაობდა და მრავალი საოპერო დადგმა განახორციელა. 1880-იდან თეატრის სცენაზე გამოდიოდა რუსული საოპერო დასი.
1874 თეატრის შენობა დაიწვა და 22 წლის მანძილზე წარმოდგენები იმართებოდა „საზაფხულო თეატრში“ (ე.წ. „ინჟინერთა ბაღში“). 1896 გაიხსნა ახალი შენობა – „სახაზინო თეატრი“ (არქიტეტქორი ვ. შრეტერი). პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“. თეატრის რეპერტუარში იყო როსინის, ბელინის, დონიცეტის, ვერდის, პუჩინის, ობერის, მეიერბერის, მოცარტის, ბიზეს, გუნოს, ვაგნერის, ლეონკავალოს, მასკანისა და სხვ. ოპერები.
1896 გოლოვინის გამზირზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის დაპროექტებული ე.წ. „სახაზინო თეატრი“ აიგო. მშენებლობა 16 წელი მიმდინარეობდა. მშენებლობის მეთვალყურედ ჯერ ზალცმანი დაინიშნა, შემდეგ სიმონიანი, ბოლოს, 1896, შიმკევიჩი. სცენა მოაწყო საიმპერატორო თეატრების განთქმულმა დეკორატორმა, ვალცმა. შენობა რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის გეგმის მიხედვით აიგო. მის გარეგნულ სახეს კი ისლამური არქიტექტურის ელემენტები, ე.წ. მავრიტანული სტილი განსაზღვრავს.
ოპერის სცენაზე სხვადასხვა დროს მსოფლიოში წამყვანი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: 1897-1898 წლებში - იტალიური ოპერა, 1903 ვენის საიმპერატორო ოპერეტა, 1907 პეტერბურგისა და მოსკოვის კომიკური ოპერები, 1907, 1908, 1913 წლებში პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი და სხვ. თეატრს ემსახურებოდა ფოტოგრაფი ედუარდ კლარი, გრიმიორი გრიგოლ გიორგობიანი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1876 წლიდან ი. ნ. მხეიძის სახელოსნო გაისხნა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში თეატრს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი ეწოდა. 1918 წლის 18 მაისს ოპერის კომისრად ალექსანდრე წუწუნავადაინიშნა. 1918-1919 წლების სეზონი ვაგნერის ოპერა „ტანჰეიზერით“ გაიხსნა. 1918 წლის 17 ივნისს პირველი ქართული ოპერა, რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ დაიდგა. თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად 1919 წლის 5 თებერვალს დადგმული დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 1919 წლის 21 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დეკემბერში დადგმული ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ მიიჩნევა.
1918 წლის ოქტომბრიდან ანტიპრიზა ს. ი. ევლახიშვილის გადაეცა. 1919 ჩამოყალიბდა ქართული საოპერო სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ დ. არაყიშვილი და სამუელ სტოლერმანი. 1920 ჩატარდა მ. ნანობაშვილისა და ნ. ა. შეველიოვის გასტროლები. 1920 წლის 19 ნოემბერს ქართულ ენაზე დაიდგა ოპერა „ღალატი“. რესპუბლიკის პრესა აქტიურად აშუქებდა ოპერაში მიმდინარე პროცესებს. დაიბეჭდა არაერთი აფიშა, ფოტო თუ წერილი, რომელიც ოპერისა და ბალეტის საქმიანობას შეეხებოდა.
საბჭოთა პერიოდიში ქართული ოპერები და ბალეტი გასცდა საქართველოს ფარგლებს. 1973 თეატრს ხანძარი გაუჩნდა და ინტერიერი განადგურდა. აღდგენით სამუშაოებს არქიტექტორები მეძმარიაშვილი და ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდნენ. 2010 წელს თეატრის შენობის რემონტი დაიწყო (არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი). 2016 განახლებული თეატრი გაიხსნა.
- სალომე ჭანტურიძე
წყარო
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი /შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი