თრიმლი
თრიმლი – (Cotinus coggygria Scop.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). პატარა ზომის ხე ან ბუჩქია, უხვად დატოტვილი, მორიგეობით განლაგებული მარტივი ფოთლებით. ფოთლები მომრგვალოა ან კვერცხისებური, 5-10 სმ სიგრძისა და 3-5 სმ სიგანის, კიდემთლიანი. ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ან მოლეგო-მოწითალო. ქვედა მხარე უფრო მკრთალია, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები პატარა ზომისაა, 3 მმ დიამეტრის, მწვანე ან სოსანი, კენწრულ ფარჩხატ საგველად შეკრებილი. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. კახეთში საკმაოდ მრავლად გვხვდება. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. საქართველოში, მით უმეტეს, აღმოსავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული. გამოიყენება სახარატო საქმეში, აგრეთვე მატყლისა და ტყავის შესაღებად, ფერდობების გასამწვანებლად და გასამაგრებლად. დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები მთლიანად უწითლდება.