თუში ქაჯებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:23, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუში ქაჯებში – ერთი თუში მიდიოდა თიანეთიდან თუშეთისკენ. თხილაში (ადგილის სახელია) რომ გადავიდა, გზაში ერთი ლამაზი ქალი წამოეწია. ქალი ახლოს რომ მოვიდა და ხელით შემეხოო, იგონებს თუში, იმწამსვე გავსხვარიგდიო, დავტრიალდით ორივენი და მერე აღარაფერი მახსოვს, რა მოხდა და სად ვიყავითო. გონზე რომ მოვედი, ქაჯეთში აღმოვჩნდი, იქაურობა სავსე იყო ქაჯებითო. არც ის ვიცი, იქ რამდენ ხანს ვიყავი, ქაჯები ერთი-ორჯერ სადღაც წავიდნენ, მე კი არ წამიყვანესო. მესამედ რომ წავიდნენ, მაშინ კი მეც თან წამიყვანეს და, სადაც მივედით, იქ ღვთისშვილნიც იყვნენ და ქაჯნიც. გავიგე, რომ ღვთის კარზე მოვხვდითო. ქაჯებს ღვთისშვილნი ისე შევიწროებულნი ჰყავდათ, რომ ხმას ვერ იღებდნენო. თურმე მზის დაბრუნვის (ჩასვლის) დროს ქაჯებს ღვთის კარზე მისვლისა და თამამად ქცევის ნება ჰქონიათ ღვთისგან. მე ქაჯებს თან ვყავდი და არსად არ მიშვებდნენ, მხოლოდ შორიდან კი ვხედავდი ღვთისშვილთ და ვიცოდი, რასაც აკეთებდნენო. გავიხედე და მინდორი ქაჯ-მანდილოსნებით ისე იყო ავსებული, რომ მათგან შევიწროებული ღვთისშვილნი ღვთის კარზე იჭუჭკებოდნენო. მერე ღვთიშვილებმა კაცი გაგზავნეს, მაგრამ არავინ მოვიდა. მეორედ გაგზავნეს კაცი, არავინ მოვიდა. მესამედაც რომ გაგზავნეს, ქაჯებს არევდარევა შეეტყოთ, შეშინდნენ, რადგან ხმა გავარდა, კოპალა მოდისო და ჩვენი საქმე ცუდად წავაო. მოვიდა კოპალა და იმ მინდორს სულ ცეცხლი გაუჩნდა, სადაც ქაჯ-მანდილოსანნი იყვნენ. სულ ფერფლად აქცია ქაჯები. ყველა დაიწვა და მე დავრჩი მარტოო, იგონებს თუში. კოპალამ გაიგო, რომ მე ხორციელ ვიყავი, და ამიტომ გადავრჩიო. მოვიდა ჩემთან და მკითხა: ვინა ხარ, აქ რას აკეთებო? მეც ვუამბე ჩემი თავგადასავალი, როგორ გავჩნდი აქ. – რა დაგრჩა შინ კარგიო, მკითხა. ცოლი და ცხენი დამრჩა-მეთქი კარგები. – აბა, შენი ქორა (თეთრი) ხარები და მამული მეო, შენ კი – ცოლ-შვილიო, მითხრა. ეს გავიგონე და მერე აღარ ვიცი, რა მოხდა, ახალწელს შინ როგორ დავბრუნდი. არც ის ვიცი, ქაჯეთში რამდენი ხანი გავლიე. შინ მისულს მითხრეს, სამ წელიწადს იყავი დაკარგულიო. ჩემი ქორა ხარები, ორთავენი, კოპალასთვის დაუკლავთ, სახნავ-სათესიც კოპალასთვის შეუწირავთ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები